ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირზე

ღარიბაშვილი: ევროკავშირის რეკომენდაცია საქართველოს არ ეხება

ევროკავშირის რეკომენდაცია საქართველოს არ ეხება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელის რეკომენდაციასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა სახელმწიფოებმა რუსეთის ბაზარზე ევროპელი მწარმოებლების პროდუქციის ჩანაცვლებისგან თავი უნდა შეიკავონ და განმარტა, რომ საქართველოს ევროკავშირისგან მსგავსი შეტყობინება არ მიუღია.

„ეს ეხება მსხვილ ექსპორტიორებს, საქართველო არ არის მსხვილ ექსპორტიორთა შორის, შესაბამისად, ეს ჩვენს ქვეყანაზე არ აისახება. ჩვენ უნდა ვიყოთ დაინტერესებული, რომ ჩვენი მოსახლეობის მიერ წარმოებული პროდუქცია გავყიდოთ ყველგან, მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ ბაზრის დივერსიფიკაცია”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ევროკავშირის რეკომენდაცია საინფორმაციო სააგენტო იტარ ტასმა გაავრცელა. იტარ ტასმა ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენლის, პიტერ სტანოს განცხადება მოიყვანა.

"მე შემიძლია გავიმეორო ევროპული საბჭოს პოზიცია, რომელიც მესამე ქვეყნებს, პარტნიორებსა და კანდიდატებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ახალი სავაჭრო შესაძლებლობების გამოყენებისგან, რომლებიც ჩნდება რუსეთის შემზღუდავი ზომების შედეგად, რათა გამოხატონ საერთაშორისო სოლიდარობა და შეასრულონ საერთაშორისო კანონები. ჩვენ ვაგრძელებთ კონტაქტს მესამე ქვეყნებთან, მათ შორის, სერბეთთან. თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ მიზანშეუწონლად მივიჩნევთ ამ დიპლომატიური ნაბიჯების კომენტირებას“, - განაცხადა პიტერ სტანომ.

კომენტარები