ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირზე

ღარიბაშვილი: ევროპისაკენ გზაზე სწორი ნაბიჯებით უნდა ვიაროთ

ჩვენ ვალდებული ვართ თანამიმდევრული და სწორი ნაბიჯებით ვიაროთ ევროპისაკენ მიმავალ გზაზე - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვილნიუსის სამიტის შემაჯამებელი კონფერენციაზე, "აღმოსავლეთ პარტნიორობა - გზა ვილნიუსის სამიტის შემდეგ" განაცხადა. 

ღარიბაშვილის თქმით, ნიშანდობლივია, რომ ზურაბ ჟვანიას 50 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია იმართება საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის თემაზე. პრემიერმინისტრის თქმით, ჟვანიამ საქართველოს ევროპისაკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

"ზურაბ ჟვანიას როლი და დამსახურება დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან დიდია. მან მნიშვნელოვანი კვალი დაატყო ქართულ პოლიტიკას, ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულ აღმშენებლობას. ზურაბ ჟვანია იმ პარლამენტს ჩაუდგა სათავეში, რომელიც მუშაობას შეუდგა დამოუკიდებელი საქართველოს ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ. მისი თავმჯდომარეობით პარლამენტი დამოუკიდებელ და ძლიერ ინსტიტუტად იქცა და ამით ჩვენი ქვეყანა განვითარებული, თანამედროვე სახელმწიფოების რიგში ჩადგა", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრმა სტრასბურგში ზურაბ ჟვანიას მიერ წარმოთქმული სიტყვები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ჟვანიას მიერ ევროპისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები ახალმა თაობამ ბოლომდე უნდა მიიყვანოს.

"ეს იყო უაღრესად ამაღელვებელი სიტყვები ყველა ქართველისთვის და, ამავე დროს, გასათვალისწინებელი მთელი დასავლეთისთვის. ეს იყო პირველი ნაბიჯი ევროპისკენ, იმ ევროპისკენ, რომლის ბუნებრივ ნაწილად გრძნობდნენ თავს ჩვენი დიდი წინაპრები, რომლისკენაც მიისწრაფოდნენ ისინი, რომელზეც ოცნებობდნენ და რისი რეალურად განხორციელების ბედნიერებაც მხოლოდ ჩვენს თაობას ხვდა წილად. ახლა ჩვენი თაობაა პასუხისმგებელი იმისათვის, თუ როგორ ივლის საქართველო ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ ვალდებული ვართ თანამიმდევრული და სწორი ნაბიჯებით ვიაროთ ამ გზაზე, რათა ჩვენმა ქვეყანამ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი და გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრის თქმით, საქართველომ ევროკავშირთან მრავალმხრივ ფორმატში უნდა ითანამშრომლოს. მან ასევე აღნიშნა, რომ აფასებს ევროკავშირის ძალისხმევას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების საქმეში.

"ჩვენ უნდა გავაღრმაოთ თანამშრომლობა ისეთ პრიორიტეტულ დარგებში, როგორიცაა ენერგოუსაფრთხოება, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, უნდა ვითანამშრომლოთ განათლებისა და ახალგაზრდობის ხელშეწყობის კუთხით, რაც გულისხმობს გაცვლით პროგრამებსა და სტიპენდიებს. ჩვენ გვჯერა, რომ დემოკრატიულ განვითარებაზე, ეკონომიკურ კეთილდღეობაზე, რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე ორიენტირებული პარტნიორობა ყველასათვის მომგებიანი შედეგის მომტანი იქნება. 
ჩვენ დიდად ვაფასებთ ევროკავშირის ძალისხმევას, წვლილსა და ჩართულობას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით, რაც გამოიხატება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერით; ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით არაღიარების პოლიტიკის გატარებით; ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ფუნქციონირებით; სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობით; ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობითა და ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობით. მინდა, მადლობა გადავუხადო ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს ამ კუთხით მტკიცე და მხარდამჭერი განცხადებებისთვის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.  

 

კომენტარები