ეროვნული უშიშროების საბჭო

პრეზიდენტი: უშიშროების საბჭო არის კონსტიტუციური მოწყობის მნიშვნელოვანი ნაწილი

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ეროვნული უშიშროების საბჭო არის საქართველოს კონსტიტუციური მოწყობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. როგორც მარგველაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა, შეხვედრაზე, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს კონცეფციასთან დაკავშირებით გაიმართა, იყო ძალიან მნიშვნელოვანი სიღრმისეული აზრთა გაცვლა, თუ როგორ უნდა იფუნქციონიროს არსებული საკონსტიტუციო ცვლილებების ფონზე უშიშროების საბჭომ. პრეზიდენტის თქმით, კოლეგებს გააცნეს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ხედა. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭოში წარმოდგენილი უნდა იყოს პარლამენტი იმისთვის, რომ შეხვდნენ ერთმანეთს აღმასრულებელი და საპარლამენტო ხელისუფლების წარმომადგენლები და შეთანხმდნენ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.

"ჩვენ გვქონდა დეტალური და ღრმა დისკუსია, იყო შეხედულებები, შენიშვნები დამატებითი დეტალები, რომლებიც დამუშავდება მომავალ პოლიტიკურ პროცესში. იმიტომ, რომ ეს პროექტი უკვე პარლამენტში იქნება განხილული და გვექნება მკაფიო პოზიცია", - აღნიშნა მარგველაშვილმა და დასძინა, რომ ეროვნული უშიშროების საბჭო უნდა იყოს ადგილი, სადაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე თათბირობენ პარლამენტის და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები.

"ეს ორგანო არის საქართველოს კონსტიტუციური მოწყობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი და, შესაბამისად, ჩვენი სახელმწიფოებრივი მოწყობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. ამ ორგანოს ეფექტური ფუნქციონირება უზრუნველყოფს იმას, რომ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები, რომელიც ეხება ქვეყნის მშვიდობას, ომს, ზავს, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარის გაგზავნას, სხვა ქვეყნის სამხედრო ძალების ან შემოსვლას, ან გატარებას ჩვენს ტერიტორიაზე, რომელიც ეხება უმნიშვნელოვანესი სამხედრო დოკუმენტების შემუშავებას, რომელიც ეხება თვითმმართველობის რომელიმე ერთეულის უფლებამოსილების შეზღუდვას, ან ქვეყნის ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და ეხება ჩვენი მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლებების ან შეზღუდვას ან ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ამ უფლებებს მათ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს, ასეთ გადაწყვეტილებებს სჭრდება სიღმისეული გააზრება, რომელიც მოხდება ორგანოში, რომლის მანდატიც გაწერილია, კონსტიტუციისა და ორგანული კანონების საფუძველზე - ასეთი ორგანო არის უშიშროების საბჭო", - განაცხადა პრეზიდენტმა. 

კომენტარები