საქართველოს პრემიერმინისტრი

პრემიერი: როცა გვაქვს მიზეზი, მედიის კრიტიკა არ უნდა მოგვერიდოს

საბედნიეროდ, დღეს საქართველოში მედია აბსოლუტურად თავისუფალია და არავითარ ზეწოლას არ განიცდის, მაგრამ როცა ჩვენ გვაქვს მიზეზი, კრიტიკა გამოვთქვათ მედიის მიმართ, ეს არ უნდა მოგვერიდოს, - განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

"მაშინ, როდესაც მედია არის ობიექტური, სამართლიანი, ყველა სამართლიანი და ობიექტური კრიტიკის მისაღებად მზად ვარ. როცა არიან ტენდენციური და სუბიექტურები, მიმაჩნია, რომ ეს მიუღებელი და უსამართლოა. მინდა, რომ ხარისხობრივად მედია კიდევ უფრო განვითარდეს. თავისუფლების ხარისხი გაქვთ მაღალი, თქვენ არავითარ ზეწოლას არ განიცდით, ეს არის ახალი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი, მაგრამ საჭიროა ამ ხარისხის განვითარება იმისთვის, რომ კიდევ უფრო ობიექტურები და სამართლიანები იყოთ. მედიასაშუალებებს დიდი პასუხისმგებლობა გაკისრიათ საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ. თქვენ ხართ მეოთხე ხელისუფლება და გაქვთ თქვენი წილი პასუხისმგებლობა", - თქვა პრემიერმინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, სამოქალაქო სექტორიც ხშირად სამწუხაროდ ავლენს ტენდენციურობას და მიკერძოებულობას. მისი თქმით, აუცილებელია მთავრობას, სამოქალაქო სექტორსა და მედიას შორის აქტიური კომუნიკაცია, რათა ხარვეზებზე დაუფარავად საუბარი მოხდეს.

"თუ გვინდა, თანამედროვე და ძლიერი სახელმწიფო ავაშენოთ, არ უნდა მოვერიდოთ ერთმანეთის კრიტიკას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები