სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

კახიძე: მოწმეს აქვს უფლება, არ მისცეს საკუთარი თავის დამადანაშაულებელი ჩვენება

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ოთარ კახიძის თქმით, "მზად ვართ, სამართლებრივად დავუპირისპირდეთ იმ სიურპრიზებს, რასაც ივანიშვილის დაკვეთით გამოძიება შემოგვთავაზებს". მისი განცხადებით, სააკაშვილის ინტერესებს ადვოკატები ყველა შიდა სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მექანიზმებით დაიცავენ.

„არ ვიცით, რა დატვირთვა აქვს მის დაბარებას, არ ვიცით, რა საქმეზე იბარებენ, არ ვიცით მტკიცებულებები. გამოძიება ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით რაღაც სიურპრიზებს შემოგვთავაზებს და ჩვენ მზად ვართ ამ სიურპრიზებს სამართლებრივად დავუპირისპირდეთ. მზად ვართ ყველა შიდა სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მექანიზმებით დავიცვათ ჩვენი ინტერესები“, - ამბობს კახიძე და აღნიშნავს, რომ უწყებაში არ წერია, კონკრეტულად რომელ საკითხზეა გამოძიება დაწყებული და რაზე უნდა გასცეს მოწმემ პასუხი.

"ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ხარვეზია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ამ საქმეს პოლიტიკური დატვირთვა აქვს. რაც შეეხება მოწმის გამოცხადება - არ გამოცხადების საკითხს, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მოწმეს აქვს უფლება არ მისცეს საკუთარი თავის დამადანაშაულებელი ჩვენება. მიხეილ სააკაშვილზე თუ აქვთ მტკიცებულებები, უნდა წაუყენონ ბრალი და თუ უნდათ, რომ მოწმის სტატუსით დაიბარონ და ამ გზით მიიტყუონ საგამოძიებო ორგანოში, ეს უკანონო ქმედებაა. ნათელია, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან და არა დაინტერესებასთან, რომ კონკრეტული საკითხები გაარკვიონ“, - აღნიშნა კახიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავარმა პროკურატურამმოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარა. უწყება მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჩაიბარა. ყოფილი პრეზიდენტი დაკითხვაზე 28 ივლისს, ორშაბათს, 11:00-ზე უნდა გამოცხადდეს. უწყებაში მხოლოდ საქმის ნომერია მითითებული და არ არის დაკონკრეტებული, რა საქმეზე დაკითხავენ მიხეილ სააკაშვილს.

თავდაპირველად, მთავარი პროკურატურის პრესსამსახურმა ტაბულასთან საუბარში ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარების ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ ეს ძალიან ძველი ინფორმაციაა. მოგვიანებით კი, აღნიშნა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლის უცხოელი სპეციალისტები მოიწვია და განაცხადა, რომ "ეს მნიშვნელოვანია მაღალი თანამდებობის პირების საქმეების გამოძიების წარმოების და პროცესის გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტების ამაღლებისათვის". აღნიშნულ ფაქტზე, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ განცხადება გაავრცელა. პარტიის შეფასებით, "როგორც ჩანს, პროკურატურის შემდეგი სამიზნე ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილია, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს მსოფლიო ასპარეზზე უკრაინის მხარდასაჭერად და ჩართულია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანიაში". ენმ-ის განცხადებით, "პოლიტიკური ანგარიშსწორების სურვილით შეპყრობილ მთავრობას, მაინც გადაწყვეტილი აქვს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის წამოწყება მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარტნიორმა ქვეყნებმა, მაღალ პოლიტიკურ დონეზე, არა ერთხელ გააფრთხილეს საქართველოს მთავრობა, არ გადაედგათ ეს მცდარი ნაბიჯი". 

აქვე შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი პროკურატურამ მოწმის სახით დაკითხვაზე რამდენიმე თვის წინაც დაიბარა. ყოფილი პრეზიდენტი საგამოძიებო უწყებას 28 მარტს, 13:00-ზე ათ საქმესთან დაკავშირებით უნდა დაეკითხა. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ყოფილ პრეზიდენტზე ძებნა გამოცხადდებოდა, მოგვიანებით კი განმარტა, რომ "მე მოვლენებს გავუსწარი".

ყოფილი პრეზიდენტი დაკითხვაზე საქართველოში არ ჩამოსულა. პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს დისტანციურად დაკითხვა შესთავაზა SKYPE-ის მეშვეობით. მიხეილ სააკაშვილმა ამაზეც უარი თქვა. მოგვიანებით კი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროსმა გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ჩვენებას SKYPE-ის მეშვეობით, სასამართლოში მისცემს.

კომენტარები