სტარტაპები

წლის მეწარმე - EY საქართველოში ახალ Angry Birds-ს ეძებს

ჰამდი ულუკაია - EY-ის 2013 წლის მეწარმე
Ernst & Young

აუდიტორული კომპანია EY (Ernst & Young) საქართველოს მასშტაბით წარმატებული მეწარმეების გამოსავლენად კონკურსს მართავს. Entrepreneur of the Year (წლის მეწარმე) 1986 წელს პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართა. ამჟამად ის 60-ზე მეტი ქვეყნის 145 ქალაქს მოიცავს და ყველაზე მასშტაბური ბიზნესდაჯილდოებაა მსოფლიოში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება სრულიად განსხვავებული სფეროს წარმომადგენლებს შეუძლიათ, რომლებიც ძირითად კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. ორგანიზატორთა თქმით, მთავარი, რაც კანდიდატს მოეთხოვება, სამეწარმეო თვისებებია. ამ თვისებებით იხელმძღვანელებს EY-ის კომისია გამარჯვებულის შერჩევისას. მონაწილეობის მისაღებად საჭიროა განაცხადის ფორმის შევსება ონლაინრეჟიმში საიტზე www.ey.com/eoy/ge, ან მისი ამობეჭდვა, შევსება და დანართებთან ერთად კომპანია EY-ში გამოგზავნა.

სამეწარმეო თვისებების შეფასებისას კომპანია შემდეგი კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს: 

  • მფლობელი და მენეჯერი: მონაწილე უნდა იყოს საწარმოს მფლობელი და მონაწილეობდეს კომპანიის მართვაში, ასევე უნდა შეეძლოს არა მხოლოდ ფეხი აუწყოს ბაზარს, არამედ წინასწარ განჭვრიტოს მოსალოდნელი ცვლილები და ტენდენციები
  • ფინანსური მაჩვენებლები: კანდიდატის საწარმოს უნდა ჰქონდეს მოგებიანობის და ზრდის კარგი მაჩვენებელი და გრძელვადიან ზრდასა და განვითარებაზე მიმართული სტრატეგია, ასევე მნიშვნელოვანია მონაცემები ფინანსური რესურსების მოზიდვისა და მართვის შესახებ
  • სტრატეგიული მიმართულება: კანდიდატს უნდა შეეძლოს ნიჭიერი ხალხის შემოკრება და ეფექტური მმართველობითი გუნდის შექმნა, ხელს უნდა უწყობდეს ცოდნის გაზიარებას და ყველასათვის საკმარისი უფლებამოსილების მინიჭებას იმისათვის, რომ წარმატების მიღწევა შეძლონ.
  • ბიზნესის სოციალური მნიშვნელობა და გავლენა: კანდიდატის საწარმო ხელს უნდა უწყობდეს ეკონომიკის განვითარებას ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე სამუშაო ადგილების შექმნით და სოციალურ პროგრამებში მონაწილეობით; თუ ბიზნესი ამჟამად არ მოქმედებს საერთაშორისო ბაზარზე, მნიშვნელოვანია მისი გაფართოების სტრატეგია და პოტენციალი. ამასთანავე, საწარმოში უნდა არსებობდეს თანამშრომლების პატივისცემის, დამსახურების აღიარებისა და დაფასების გარემო, უნდა ხდებოდეს კომპანიის ცხოვრებაში მათი ჩართულობის წახალისება.
  • ინოვაციებიკანდიდატი შემოქმედებითად უნდა უდგებოდეს ახალი პროდუქტებისა და მომსახურების შექმნასა და დანერგვას და უნდა ახდენდეს ინოვაციის კულტურის სტიმულირებასა და წახალისებას საწარმოში
  • კანდიდატის პირადი პასუხისმგებლობა და ავტორიტეტი: კანდიდატი უნდა ფლობდეს სირთულეების გადალახვის, რისკების მართვის და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარს გაურკვევლობის პირობებში; უნდა მიისწრაფვოდეს თვითგანვითარებისკენ და ჰქონდეს ფართო ხედვა; ახდენდეს პროფესიონალური და პირადი ეთიკის მაღალი სტანდარტების დემონსტრირებას; ხელს უწყობდეს ბიზნესის რეპუტაციის განმტკიცებას და სარგებლობდეს თანამშრომლებისა და კონკურენტების პატივისცემითა და აღიარებით.

კონკურსის გამარჯვებულები სხვადასხვა წლებში იყვნენ დღეისათვის უკვე მთელ მსოფლიოში ცნობილი კომპანიების დამფუძნებლები: Google, LinkedIn, Amazon, Dell Inc., Sturbucks, Angry Birds, Sun Mycrosystems, Cirque de Soleil. 

"ჩვენ ამ პროგრამით ვთანამშრომლობთ ხვალინდელი დღის გლობალურ ლიდერებთან. ჩვენ დამწყებ მეწარმეებს ვეხმარებით გამოცდილების, დარგობრივი შესაძლებლობების და რესურსების ოპტიმალურად გამოყენების გზით სწრაფად მზარდი კომპანიების შექმნაში. ჩვენი მიზანია გავაგრძელოთ ურთიერთობა მეწარმეებთან და დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა აქციები - შეხვედრები სტუდენტებთან, მთავრობის წევრებთან, დამწყებ მეწარმეებთან და ა.შ. რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული ჩვენი პროგრამის მონაწილეებთან კომერციული ურთიერთობების დამყარებაც, თუმცა ეს პროგრამის მიზანს არ წარმოადგენს", - ამბობენ EY-ის საქართველოს ოფისში. 

EY-სთვის მხოლოდ გამარჯვებულის გამოვლენა არ არის პრიორიტეტი, ასევე მნიშვნელოვანია მეწარმის როლის მნიშვნელობის პოპულარიზაცია ცნობადობის გაზრდა საზოგადოებაში. სტატისტიკის მიხედვით, ევროკავშირში მცირე და საშუალო მეწარმეები, ასევე სტარტაპები, სამუშაო ადგილების 65%-ზე მეტს ქმნიან, რაც მათ ჯანსაღი ეკონომიკის დინამიკის მნიშვნელოვან ნაწილად აქცევთ. ევროკავშირისგან განსხვავებით, მათზე საქართველოს ეკონომიკის ძალიან მცირე წილი მოდის. 

3 ოქტომბერს, EY-ის ჟიურის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდება ინფორმაცია ფინალისტების შესახებ, მაგრამ არა კატეგორიების მიხედვით. კატეგორიების გამარჯვებულები, ისევე როგორც წლის მეწარმის ტიტულის მფლობელი, ნოემბრის დასაწყისში თბილისში გამართულ დაჯილდოების გალაცერემონიაზე გახდება ცნობილი.

გამარჯვებული მეწარმე 2015 წლის ივნისში მონტე-კარლოში გამართულ წლის მეწარმის კონკურსზე საქართველოს წარადგენს. 

კომენტარები