საომარი მოქმედებები ისრაელში

მთავრობა მოუწოდებს მხარეებს ისრაელში, მოახდინონ სიტუაციის დეესკალაცია

ისრაელში შექმნილ ვითარებას პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეხმაურება. გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების გამო და სოლიდარობას უცხადებს ისრაელის მოქალაქეებს.

”საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების გამო და სოლიდარობას უცხადებს ისრაელის მოქალაქეებს. მთავრობა ასევე მწუხარებას გამოთქვამს ღაზას სექტორში დაპირისპირების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო. ამასთანავე, საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი გარეშე საფრთხისგან და მხარს უჭერს ისრაელის უფლებას დაიცვას საკუთარი ქვეყანა, მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება.

იმისათვის, რომ თავიდან იყოს აცილებული კონფლიქტის შემდგომი გაღრმავება და უდანაშაულო ადამიანების დაღუპვა, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს მოახდინონ სიტუაციის დეესკალაცია.

საქართველოს მთავრობა, იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს ხანში შეწყდება ცეცხლი და დაპირისპირებულ მხარეებს შორის განახლდება სამშვიდობო მოლაპარაკებები, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ვითარების სტაბილიზაციას”, - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ისრაელ სამხედროებსა და დაჯგუფება ჰამასს შორის საომარი მოქმედებები უკვე მეშვიდე დღეა გრძელდება.

ოფიციალური პალესტინის ცნობით, ამ დროისთვის ღაზის სექტორში 172 ადამიანია დაღუპული, დაშავებულია - 1260.

ისრაელის ინფორმაციით კი, ღაზიდან ისრაელზე ჯამში 1000-მდე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.

ისრაელმა ღაზის საზღვართან ათასობით ჯარისკაცის მობილიზაცია მოახდინა იმ გაფრთხილებით, რომ მზადაა სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს.

გაეროს ინფორმაციით, ჩრდილოეთ ღაზაში 17 000 პალესტინელი დევნილია გადასული.

ღაზის სექტორში ისრაელის მხრიდან საომარი ოპერაციის დაწყების მიზეზი, მისი სამხრეთ რეგიონების დაბომბვა გახდა. 7 ივლისს, ისრაელის ხელისუფლებამ ნება დართო არმიას, ჰამასის მებრძოლებისთვის საპასუხო ცეცხლი გაეხსნა.

კონფლიქტის ესკალაცია ისრაელის სამი მოქალაქის გატაცებითა და მკვლელობით დაიწყო, რომელსაც საპასუხოდ უცნობი პირების მხრიდან პალესტინელი არასრულწლოვნის მოკვლა მოჰყვა. ჰამასმა პალესტინელის მკვლელობაში ისრაელი ჯარისკაცები დაადანაშაულა და მათ შურისძიებას დაჰპირდა.

კომენტარები