ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას განცხადებით, "დღეს უნდა ავირჩიოთ დედაქალაქის მერი, რომელიც იქნება დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და არ იქნება ანგარიშვალდებული მხოლოდ ერთ ადამიანთან". ნიკა მელიამ საკუთარი არჩევანი ჩიტაძის ქუჩაზე, #6 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
“დღეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, სადაც უნდა განისაზღვროს მომდევნო წლების განმავლობაში თბილისის ბედი. მე იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი თბილისელი გამოცხადდება დღეს საარჩევნო უბნებში, მათ შორის ისინი, ვინც პირველ ტურში არ გამოცხადდნენ და გააკეთებენ იმ არჩევანს, რაც მათ ოჯახში შეიტანს კეთილდღეობას. დღეს უნდა ავირჩიოთ დედაქალაქის მერი, რომელიც იქნება დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და იქნება ანგარიშვალდებული თბილისელებთან და არა ცალკეულ პოლიტიკურ გაერთიანებასთან ან კიდევ უფრო უარესი – ერთ ადამიანთან. დედაქალაქის მერი უნდა იყოს ყველას მერი, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, იმიტომ რომ ამ ქალაქში ყოველთვის იცხოვრებენ სხვადასხვა შეხედულების ადამიანები, არ შეიძლება, ყველანი ვიყოთ ერთ ჭკუაზე, თუმცა დედაქალაქის მერს არა აქვს იმის უფლება, რომ ასოცირდებოდეს მხოლოდ ერთ ცალკე აღებულ პოლიტიკურ ძალასთან”, - განაცხადა ნიკა მელიამ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები რვა ქალაქსა და ცამეტ მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.




