საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ რადგან მორატორიუმი 12 ივლისს სრულდებოდა, დიდი ალბათობა იყო იმისი, რომ გიგი უგულავა ქვეყნიდან გასვლის შემთხვევაში გარდაუვალი დაპატიმრების შიშით უკან არ დაბრუნდებოდა. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.
"სასამართლო როგორ გადაწყვეტილებას იღებს, ამის მიხედვით არ მოქმედებს პროკურატურა. პროკურატურა მოქმედებს იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მას აქვს. 2 დღით ადრე პროკურატურა ითხოვდა, მისთვის ქვეყნის დატოვების უფლების შეზღუდვას, სასამართლომ ეს არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა პროკურატურისთვის, რომ ის აპირებდა ქვეყნის დატოვებას. თავისთავად ის ფაქტი, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა წელიწადნახევრის შემდეგ არდაკმაყოფილებული შუამდგომლობების სერიალში, უკვე იმის დასტურია, რომ პროკურატურას ჰქონდა ძალიან საფუძვლიანი, დასაბუთებული ვარაუდი, იმის შესახებ, რომ უგულავა არ აპირებდა ქვეყანაში დაბრუნებას. ქვეყანაში მოქმედებდა მორატორიუმი. გიგი უგულავა, ვის მიმართაც ბრალი ყოველდღიურად მძიმდება, როგორც ჩანს ძალიან სერიოზული ვარაუდის წინაშე იმყოფებოდა, რომ პროკურატურა მისი დაპატიმრების შესახებ მოთხოვნას წარადგენდა. სწორედ იმიტომ, რომ ეს მორატორიუმი 12 ივლისს სრულდებოდა, ძალიან მაღალი ალბათობა იყო იმისი, რომ დღეს ქვეყნიდან წასული გიგი უგულავა უკან არ დაბრუნდებოდა გარდაუვალი დაპატიმრების შიშით", - თქვა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საქმე მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა განიხილა. უგულავას ადვოკატები გოგინაშვილის აცილების შესახებ შუამდგომლობას აყენებდნენ, თუმცა სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ხუთსაათიანი განხილვის შემდეგ მოსამართლე აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდების შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა და პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროსი გიგი უგულავა 3 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 2 ივლისს საქალაქო სასამართლომ სიტი პარკის საქმეზე გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვისას პროკურატურის შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა, რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს გიგი უგულავას მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე, პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედების და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე. 4 ივლისს ფინანსურმა პოლიციამ თბილისის ყოფილ მერს ახალი ბრალი წაუყენა, მას უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იძულებისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ბრალდება.





