პრემიერის შეფასება

ღარიბაშვილი: პოლიცია აბსოლუტურად სწორად და კორექტულად მოიქცა

„ის ძალადობა, რაც გუშინ ვიხილეთ, მიუღებელია. პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა დასჯადი ქმედებაა. პოლიცია აბსოლუტურად სწორად, კორექტულად მოიქცა. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და პოლიციელებს მივმართო, რომ ყველა მსგავსი ქმედება, უკანონობა, დაუყოვნებლივ აღკვეთონ“, - თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. პრემიერის მტკიცებით, საქართველოში არც ერთი მოქალაქე კანონზე მაღლა არ დგას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან წუხანდელი დაპირისპირებისას, რვა ადამიანი დააკავეს. დაკავებული იყო, ასევე საპარლამენტო უმცირესობის წევრი ლევან ბეჟაშვილი, რომელიც ხელწერილით გაათავისუფლეს.

რაც შეეხება გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საკითხს, პრემიერის თქმით, საქართველოში კანონი კანონობს და კანონის უზენაესობა მთავრობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. „ეს ჩვენი, ქართული დემოკრატიის მთავარი მონაპოვარია“, - დასძენს პრემიერი.

ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის პოლიციაში დაკითხვის მიზნით დააკავებასაც იხსენებს.

„იცით, ევრობაში, რაც ხდება. სულ რამდენიმე დღის წინათ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი დაკითხვის მიზნით მიიყვანეს და დააკავეს. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ევროპაში შესვლა, ევროპული დემოკრატია და სტანდარტები გვინდა. სწორედ, ამ სტანდარტებს ვნერგავთ - კანონზე მაღლა არავინ დგას, მიუხედავად მისი პოლიტიკური კუთვნილებისა და წარსულში მაღალი თანამდებობისა. ეს ჩვენი მთავარი ამოცანაა“, - ამბობს ღარიბაშვილი. 

კომენტარები