ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას განცხადებით, გიგი უგულავას დაკავების აუცილებლობა და საჭიროება არ არსებობდა. მან დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ მეორე ტურში გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლებს. მელიამ უგულავას დაკავება პოლიტიკურ აქტად შეაფასა და აღნიშნა, რომ თბილისის მერი სისხლის სამართლებრივი დევნით არ უნდა აირჩეს.
"არ მეგულება ბავშვიც კი, ვისაც ცნობიერი ცხოვრება აქვს დაწყებული, რომელიც ფიქრობს, რომ ეს არ არის პოლიტიკური აქტი და დაკვეთა. ეს მხოლოდ ერთ მიზანს ისახავს, მოხდეს ჩვენი დემორალიზაცია, დაშინება და ბრძოლაში უკან დახევა. ეს არ მოხდება და ვერ მოხდება. ამ მეთოდებით შეუძლებელია ჩვენი განადგურება და ფორმიდან ამოგდება. მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო პერიოდში ამ პოლიტიკურ დაკვეთებს ადგილი არ ჰქონდეს. სამწუხაროდ, მსგავსი პირობები ყველაზე ჩამორჩენილ და განუვითარებელ ქვეყნებშიც კი არ აქვთ ოპოზიციურ ძალებს, ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობას. როგორც არასდროს, ისეთ გაათმაგებულ ენერგიას და მონდომებას ვხედავ ჩემს მეგობრებში, რომ შევიდეთ ბრძალში, სადაც მოვიპოვებთ გამარჯვებაა. არანაირი სისხლის სამართლებრივი დევნით და დაჭერებით არ უნდა აირჩეს თბილისის მერი. რაც არ კლავს, ის გვაძლიერებს და სწორედ ამ პოზიციაში ვარ" - განაცხადა მელიამ და პარტიის ამომრჩეველს მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდა.
"ყველა ერთად გამოვცხადდეთ და ამ უსამართლობას საარჩევნო ყუთებთან გავცეთ პასუხი. სადაც არ უნდა ვიყოთ, შუა ზაფხულის მიუხედავად, ორგანიზებულად ჩამოვიდეთ და მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან. თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საარჩევნო პერიოდში არ მოხდება არც ერთი ადამიანის, განსაკუთრებით საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის დაბარება, მაგრამ ჩვენ ვიხილეთ სრულიად წარმოუდგენელი ტელედაკავება. ეს წინა წლებში ძალიან ბევრს სამართლიანად არ მოსწონდა. მოდით, საკადრისი პასუხი გავცეთ ხელისუფლებას, რომელიც აბსოლუტურად სხვა ლოზუნგით მოვიდა. და ყველაფერი ის კარგი შეაჩერა, რაც წინა წლებში იყო და ყველაფერი ცუდი, არათუ გააგრძელა, არამედ, გააათმაგა. ძალიან დიდი მადლობა თანადგომისთვის და ბატონ ნარმანიას მინდა მივმართო, რომ ჩვენ შევხვდებით საარჩევნო ყუთებთან" - თქვა ენმ-ის თბილისის მერობის კანდიდატმა.
მას შემდეგ, რაც სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ გიგი უგულავას სიტი პარკის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა, უგულავა აეროპორტში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. ის დღეს დილით კიევში მიფრინავდა, თუმცა, მას გაფრენის საშუალება არ მისცეს. უგულავა ამ დროისთვის ე.წ. მოდულის შენობაში იმყოფება.
გიგი უგულავა კიევში უკრაინის პატრიარქ ფილარეტთან შესახვედრად მიფრინავდა. ის უკან დაბრუნებას დღეს საღამოს აპირებდა, მან ჟურნალისტებს უკან დასაბრუნებელი ბილეთიც აჩვენა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ენმ-ის საარჩევნო შტაბის უფროსი გიგი უგულავა უკანონო ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავეს. ამავე ბრალდებით, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება უგულავას ქვისლი გიორგი ღონიაშვილი, ხოლო ლატარიის კომპანიის ყოფილ ხელმძღვანელ ალექსანდრე გოგოხიაზე ძებნაა გამოცხადებული. უგულავასთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ.




