გიგი უგულავას საქმე

ენმ: გიგი უგულავას დაკავება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებაა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ "გიგი უგულავას დაკავება ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის წინ, მიზნად ისახავს, უუნაროდ აქციოს მთავარი ოპოზიციური პარტია". ენმ-ის შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობის მხრიდან პოლიტიკური შურისძიება და ოპოზიციის დევნა ღრმავდება.

"როგორც კამპანიის ხელმძღვანელმა, გიგი უგულავამ გადამწყვეტი როლი ითამაშა იმაში, რომ დედაქალაქში არჩევნების მეორე ტური გახდა საჭირო, სადაც მთავრობა სრულ გამარჯვებას გეგმავდა. ნაციონალური მოძრაობა ასევე მიიჩნევს, რომ გიგი უგულავას დაკავება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებაა, რომელიც რჩება მთავარ გადაწყვეტილების მიმღებად საქართველოს მთავრობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ რაიმე ფორმალური თანამდებობა არ უკავია", - აცხადებს ენმ.

მას შემდეგ, რაც სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ გიგი უგულავას სიტი პარკის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა, უგულავა აეროპორტში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. ის დღეს დილით კიევში მიფრინავდა, თუმცა, მას გაფრენის საშუალება არ მისცეს. უგულავა ამ დროისთვის ე.წ. მოდულის შენობაში იმყოფება. 

გიგი უგულავა კიევში უკრაინის პატრიარქ ფილარეტთან შესახვედრად მიფრინავდა. ის უკან დაბრუნებას დღეს საღამოს აპირებდა, მან ჟურნალისტებს უკან დასაბრუნებელი ბილეთიც აჩვენა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს გიგი უგულავას სიტი პარკის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა. ამ გადაწყვეტილებით, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პროკურატურა გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიებად 50 000-ლარიან გირაოს, ასევე, პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩამორთმევას ითხოვდა.

უგულავა მოწმის სახით დასაკითხად პროკურატურაში 4 ივლისს დილის 10:00 საათზე დაიბარეს, ის წინა ღამეს გეგმავდა ქვეყანაში დაბრუნებას.

კომენტარები