გიგი უგულავას საქმე

სასამართლო: მიგვაჩნია, რომ არ არსებობს უგულავას მხრიდან მიმალვის საფრთხე

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, ბრალდების მხარემ დასაბუთებულად ვერ წარმოადგინა  გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მართებულობა და მიზანშეწონილობა. სასამართლოს განმარტებით, არ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის საჭირო ფორმალური და საპროცესო საფუძვლები.

"აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს ბრალდებულ გიორგი უგულავას მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე, პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედების და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე და კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულის სათანადო ქცევა, მისი გამოძიებასა და სასამართლოში გამოცხადება უზრუნველყოფილი იქნება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების გარეშეც. შესაბამისად, გიორგი უგულავას მიმართ არ იქნა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე" - აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლო.  

თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს გიგი უგულავას სიტი პარკის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა. ამ გადაწყვეტილებით, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პროკურატურა გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიებად 50-ათასლარიან გირაოს, ასევე, პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩამორთმევას ითხოვდა. პროკურატურის განცხადებით, უგულავა ქვეყნის დატოვებას აპირებდა და დაბრუნებას აღარ გეგმავდა.

წინასასამართლო სხდომა 25 აგვისტოს, 11:00-ზე გაიმართება.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გიგი უგულავას ბრალი 30 ივნისს წაუყენა. მას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვას ედავებიან. საქმე სიტი პარკსა და თბილისის მერიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხება. 

კომენტარები