გიგი უგულავას საქმე

უგულავა: ქვეყნიდან წასვლის და აღარ დაბრუნების ბედნიერებას არავის მივანიჭებ

თბილისის საქალაქო სასამართლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს. პროცესი 11:00 საათზე დაიწყო. პროკურატურა გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიებად 50-ათასლარიან გირაოს, ასევე, პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩამორთმევას ითხოვს. შესაბამისი შუამდგომლობით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს გუშინ მიმართა.

გიგი უგულავას განცხადებით, სითი პარკის საქმე "პოლიტიკურად მკვდარი ნარმანიას გაცოცხლების და მერად გახდომის პროგრამის ნაწილია". მისივე თქმით, თუ ხელისუფლებაში ვინმეს ჰგონია, რომ ის ქვეყნიდან წავა და აღარ დაბრუნდება, ძალიან ცდება.

"მთავრობამ ეს ტაკიმასხარაობა ერთადერთი რამის გამო დაიწყო. ეს არის პოლიტიკურად მკვდარი ნარმანიას გაცოცხლებისა და მერად გახდომის პროგრამის ნაწილი, 1 ოქტომბრის შემდეგ დაახლოებით 19-ჯერ მაქვს საზღვარი გადაკვეთილი. ახლა მივდიოდი ევროსაბჭოში, სადაც უნდა წარმედგინა ის დარღვევები, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაფიქსირდა. 4 ბრალი მაქვს წაყენებული, ამასაც თამაშის ნაწილად ვთვლიდი და თავი შეურაცხყოფილად არასდროს მიგრძვნია, მაგრამ შოთაძე-შარიკოვის გამოსვლის შემდეგ თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ. თუ ამ ერთუჯრედიან არსებას ჰგონია, რომ ვინმეს ხელისუფლებაში, ივანიშვილი იქნება თუ ღარიბაშვილი, მივანიჭებ იმ ბედნიერებას, რომ წავიდე და აღარ დავბრუნდე, ძალიან ცდება. შეგნებული არჩევანი გავაკეთე, აქ ვარ მტკიცედ ვდგავარ და ვაპირებ მათ დამარცხებას. შიზოიდურ-მანიაკალურ სისულელეებს თავი დაანებონ. ჯობია, ნარმანია გამოუშვან და თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო ორთაბრძოლაში მიიღოს მონაწილეობა", - აცხადებს უგულავა.

გიგი უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს. ადვოკატის განცხადებით, გიგი უგულავას პირველი ბრალდება დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ წაუყენეს და ამ ხნის განმავლობაში, მან ქვეყნის საზღვარი ოცჯერ გადაკვეთა, თუმცა, კვლავ საქართველოში იმყოფება. ბასილაია აღნიშნავს, რომ გიგი უგულავა არ არის ვალდებული - ქვეყნის დატოვებამდე გააფრთხილოს ან საგამოძიებო ან სასამართლო. მისივე თქმით, უგულავამ დაახლოებით 50-მდე სასამართლო და საგამოძიებო პროცესში მიიღო მონაწილეობა, შესაბამისად, ადვოკატის შეფასებით, ვარაუდი, რომ უგულავა შესაძლოა მიიმალოს და არ გამოცხადდეს სასამართლოში, აბსურდულია. ბასილაიას თქმით, დაცვის მხარეს უკვე გადაეცა ბრალდების მხარის მტკიცებულებები.

"მათში არცერთი დოკუმენტი არ ასახავს გიორგი უგულავას ბრალეულობას", - აღნიშნა ადვოკატმა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გიგი უგულავას ბრალი 30 ივნისს წაუყენა. მას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვას ედავებიან. საქმე სიტი პარკსა და თბილისის მერიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხება. 

კომენტარები