გიგი უგულავას საქმე

სასამართლო უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს იმსჯელებს. პროცესი 11:00 საათზე დაიწყება. პროკურატურა გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიებად 50-ათასლარიან გირაოს, ასევე, პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩამორთმევას ითხოვს. შესაბამისი შუამდგომლობით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს გუშინ მიმართა.

გიგი უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს. ადვოკატის განცხადებით, გიგი უგულავას პირველი ბრალდება დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ წაუყენეს და ამ ხნის განმავლობაში, მან ქვეყნის საზღვარი ოცჯერ გადაკვეთა, თუმცა, კვლავ საქართველოში იმყოფება. ბასილაია აღნიშნავს, რომ გიგი უგულავა არ არის ვალდებული - ქვეყნის დატოვებამდე გააფრთხილოს ან საგამოძიებო ან სასამართლო. მისივე თქმით, უგულავამ დაახლოებით 50-მდე სასამართლო და საგამოძიებო პროცესში მიიღო მონაწილეობა, შესაბამისად, ადვოკატის შეფასებით, ვარაუდი, რომ უგულავა შესაძლოა მიიმალოს და არ გამოცხადდეს სასამართლოში, აბსურდულია. ბასილაიას თქმით, დაცვის მხარეს უკვე გადაეცა ბრალდების მხარის მტკიცებულებები.

"მათში არცერთი დოკუმენტი არ ასახავს გიორგი უგულავას ბრალეულობას", - აღნიშნა ადვოკატმა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გიგი უგულავას ბრალი 30 ივნისს წაუყენა. მას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვას ედავებიან. საქმე სიტი პარკსა და თბილისის მერიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხება. 

კომენტარები