გიგი უგულავას საქმე

ბაქრაძე: ხელისუფლება გვთავაზობს მეტ არასტაბილურობას და დაპირისპირებას

ხათუნა ხუციშვილი

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, "ერთადერთი, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს, არის მეტი არასტაბილურობა, მეტი დაპირისპირება, ახალი ბრალდებები და დაპატიმრებები". ბაქრაძე ენმ-ის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიგი უგულავასთვის ბრალის წაყენებას გამოეხმაურა.

"ძალიან სამწუხაროა, რომ პირველი, რაც გააკეთა ხელისუფლებამ არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, გახლდათ არა ხალხის პრობლემების მოგვარება, არა იმაზე ზრუნვა, რა გაკეთდეს უკეთესი მომავლისთვის და ხალხის კეთილდღეობისთვის, არამედ ისევ დაჭერების გაგრძელება, რეპრესიების გაგრძელება და ქვეყანაში არასტაბილურობის შექმნა. ეს არის ძალიან სამწუხარო, ვინაიდან ქვეყანას დღეს სჭირდება სტაბილურობა, სიმშვიდე, ეკონომიკური განვითარება და ერთადერთი, რასაც ხელისუფლება ამ ყველაფრის ნაცვლად გვთავაზობს, ეს არის მეტი არასტაბილურობა, მეტი დაპირისპირება, ახალი ბრალდებები და ახალი დაპატიმრებები. მე ვფიქრობ, ეს ქმნის პრობლემას საქართველოსთვის, საარჩევნო გარემოსთვის და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენი ხვალინდელი სტაბილურობისთვის, რაც უნდა იყოს ამოსავალი წერტილი ნებისმიერი მთავრობის საქმიანობაში", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გიგი უგულავას ბრალი წაუყენა. მას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვას ედავებიან. საქმე სიტი პარკსა და თბილისის მერიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხება.

"თბილისის მერმა გიგი უგულავამ ცენტრალური ბიუჯეტის განზრახ იგნორირებით კანონთან შეუსაბამო ბრძანების საფუძველზე სიტი პარკისთვის დამატებითი შეღავათების დაწესებით კომპანიის სასარგებლოდ მთლიანობაში გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა 1 086 718 ლარი. საქმეზე გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით", - აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და აღნიშნავს, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლოსადმი მიმართვის გადაწყვეტილებას პროკურატურა მიიღებს.

 

კომენტარები