საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საქართველოს მოსახლეობას და მინისტრთა კაბინეტის წევრებს ევროკავშირთან ასოცრების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას ულოცავს. ალასანია ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება. მისი თქმით, ეს არის ისტორიული ხელმოწერა, რომელსაც მოყვება საქართველოსთვის კარის გაღება ევროპულ ოჯახში თავის დასამკვიდრებლად.
"ეს არის მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელი ისტორიული ხელმოწერა, რომელსაც თან მოჰყვება საქართველოსთვის კარის გაღება ევროპულ ოჯახში თავის დასამკვიდრებლად. რაც მთავარია, ეს გზა, რომელიც ავირჩიეთ შეთანხმებაზე ხელმოწერიდან იქნება ხელშეუვალი და გავაგრძელებთ უკვე მწყობრად და მიზანმიმართულად სრულ ინტეგრაციას ევროპაში. ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას და ყველას ვინც ძალიან ბევრი იშრომა, მათ შორის სახელმწიფო მინისტრს, საგარეო საქმეთა, ეკონომიკის და იუსტიციის მინისტრებს", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
თავდაცვის მინისტრის განმარტებით, მიზანმიმართულად ძლიერდება ეკონომიკური, ენერგო და თავდაცვის უსაფრთხოების საშუალებები.
"ამ ხელმოწერის შემდეგ პარლამენტების მიერ რატიფიცირებას და ამოქმედებას წინ ვერაფერი დაუდგება. ჩვენ ვართ ძალიან ფრთხილი და მოზომილი, აბსოლუტურად სწორი პოლიტიკის მიმდევრები რუსეთთან მიმართებაში. არ ვაძლევთ არავის მიზეზს, რომ საქართველო გახდეს ესკალაციის მიზეზი, მაგრამ მიზანმიმართულად ვაძლიერებთ როგორც ჩვენს ეკონომიკურ და ენერგო უსაფრთხოებას, ასევე თავდაცვის შესაძლებობებს. ეს არის ის მაგალითი, რომელიც სხვა ქვეყნებმაც უნდა გადაიღონ ჩვენგან", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
ბათუმში სასტუმრო შერატონში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორც არის ევროატლანტიკური უსაფრთხოება, NATO-ს გაფართოება, დაგეგმილი სამიტი უელსში, საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ISAF -ის ოპერაცია და შავი ზღვის რეგიონის სტარტეგიული მნიშვნელობა.




