შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ "ასოცირების ხელშეკრულება, ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ვიდრე იმ საფრთხეებზე ფიქრი, რომელმაც შეიძლება, პრობლემა შეგვიქმნას". ამის შესახებ მან ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრა. მისივე თქმით, გამოწვევას, რაც საქართველოს წინაშე დგას, მარტო საქართველო ვერ გაუმკლავდება.
"ასოცირების ხელშეკრულების გარეშე საფრთხეები მნიშვნელოვნად უფრო იზრდება. მაგალითად, ღვედის ტარება აუცილებელია, ამით უფრო იზრდება უსაფრთხოება, მაგრამ ხდება ხოლმე ავარიები, რა დროსაც ადამიანები იღუპებიან. მაგრამ ეს იმდენად იშვიათობაა, რომ ამის გამო არავის უფიქრია ღვედის გაუქმება. დღევანდელი კონფერენცია მნიშვნელოვანია იმით, რომ უკრაინის კონტექსტიდან გამომდინარე, გაიზარდა საფრთხეები რეგიონალური უსაფრთხოების. იმ გამოწვევას, რაც საქართველოს წინაშე დგას, მარტო საქართველო ვერ გაუმკლავდება. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების რჩევები, ხედვები, როგორც გლობალურ, ასევე, რეგიონალურ კონტექსტში", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
ბათუმში, სასტუმრო შერატონში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს.





