ოკუპირებული ტერიტორიები

უსუფაშვილი ცხინვალის „რეფერენდუმზე“: ისტერიული ფონი არ უნდა შევქმნათ

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ცხინვალის მარიონეტული ხელისუფლების განცხადებას გამოეხმაურა რუსეთთან შეერთების თაობაზე რეფერენდუმის გამართვის შესახებ.

მისი თქმით, “დღეს ყირიმთან პარალელის გავლების საჭიროება არ გვაქვს, რადგან საკუთარი ისტორია გვაძლევს ძალიან ბევრ პარალელს და ბევრი დასკვნის საშუალებას. რუსეთმა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის სრულიად ღიად, დე ფაქტოდ საქართველოდან ჩამოცილება განიზრახა და ამას ემსახურებოდა ყველაფერი ის, რაც მერე ვითომ აღიარებით გაფორმდა. არც ის არის სიახლე, რომ ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლები დროდადრო ამ საკითხს აყენებენ“.

„რატომ ხდება ახლა და ამ  მომენტში, ეს, რა თქმა უნდა, საერთო გეოპოლიტიკურ კონტექსტში უნდა დავინახოთ და  განვიხილოთ. ვთვლი, რომ ჩვენი მხრიდან რაიმე განსაკუთრებული ისტერიული ფონის შექმნა არ იქნება სწორი. ჩვენ თვითონ არ უნდა მივანიჭოთ ოკუპირებულ ტერიტორაზე  რაიმე მოვლენას, იქნება ეს არჩევნებად წოდებული, რეფერენდუმად წოდებული, პეტიციად თუ რაიმე სხვა ტერმინად წოდებული მოვლენა, განსაკუთრებული ისტერიული ფონი, იმიტომ, რომ თუ სახლში შეიჭრებიან მოძალადენი და იქ რაღაც თათბირს გამართავენ, ხვალ რა ვქნათო, ეს არანაირ ლეგიტიმაციას არ სძენს იმას, თუ რა მოითათბირეს მათ“,  - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, „ამ პრობლემების მოსაგვარებლად ქართულმა ოცნებამ ყველაზე სწორი ნაბიჯები გადადგა - ევროპისკენ სვლა გააგრძელა და რუსეთს დიალოგი შესთავაზა“.

„ჩვენ დღეს ამ ჩარჩოში ვართ და ყველას ვეუბნებით, რომ ეს ჩვენი სტრატეგიაა და ჩვენ არ მიგვიცია და არ მივცემთ საბაბს, რომ საქართველოს წინააღმდეგ რაიმე ტიპის აგრესია რაიმე აგრუმენტებს დააფუძნოს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მან კომენტარი ნინო ბურჯანაძის განცხადებაზეც გააკეთა, რომელმაც ხელისუფლებას NATO-ზე   უარის თქმისკენ და მოსკოვთან პირისპირ მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდა.

„ისმის სპეკულაციები, რომ თუ NATO-ში შესვლა ტერიტორიებზე უარის თქმის საფასურია, არ მინდაო. ძალიან ბრძნულად გვარიგებენ ჭკუას. კი მაგრამ, ვის უნდა ეს, საერთოდ NATO-ში რა გვინდა? სახელი მოგვწონს, თუ მაინცდამაინც ავღანეთში ბრძოლა გვინდა? ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და აღდგენა გვსურს. ამიტომ აქ აქცენტების გადატანა და რაღაცების არევა არასწორია. ვიღაცას შეუძლია, მოსკოვში ხვალვე ჩავიდეს, ჩავიდეს მერე - რაც ჩამოიტანა, იმას ჩამოიტანს ის ვიღაც. აქ ქვეყანაა გადასარჩენი და არა ლამაზი სიტყვებია სალაპარაკო“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.   

კომენტარები