ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მარნეულში საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, შსს-ს დღევანდელ ბრიფინგს სამარცხვინოს უწოდებს და 57-ე უბნის "გაყალბების ამსახველ სრულ ვიდეომასალას" აქვეყნებს. როგორც საგანგებო ბრიფინგზე გოკა გაბაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებამ და ქართულმა ოცნებამ მარნეულში ტოტალურად გააყალბეს არჩევნები. მისი თქმით, შსს-მ დღევანდელი განცხადებით, აქცენტი მხოლოდ ენმ-ის დამკვირვებელზე გააკეთა, რომელიც რამდენიმე წუთით გავიდა საარჩევნო უბნიდან.
"ერთი სიტყვით არ უთქვამთ, რა უქნეს თავიანთი აქტივისტს, ადგილობრივი შიხიაშვილის ნათესავს, რომელიც ყრიდა ბიულეტენებს ყუთში და აყალბებდა არჩევნებს ქართული ოცნების სასარგებლოდ" - თქვა გაბაშვილმა და წარმოადგინა მარნეულის საარჩევნო ოლქის სამი უბნის ოქმი, რომლის მიხედვითაც, სამივე შემთხვევაში, ქართული ოცნება 109 ხმით ლიდერობს.
"ვის სასარგებლოდ ყალბებოდა ამ უბანზე არჩევნები? რა თქმა უნდა, ქართული ოცნების" - განაცხადა დეპუტატმა და შსს-ს მიმართა, მეორეხარისხოვან საკითხებზე დროს ნუ დაკარგავს.
"ისინი წუხდნენ, რომ არ აქვთ სრული ჩანაწერი, იგივეს ნახავენ, რაც ნახეს ცხრაწუთიანში, ამიტომ, ვასაჯაროებთ მთლიან ჩანაწერს, მთელი პერიოდისას, როცა კამერა იქ მუშაობდა. ასევე, ვურჩევ შსს-ს, გაშიფროს და თარგმნოს საუბარი, რომელიც მიმდინარეობს უბანზე და უკეთ მიხვდებიან, ვინ აყალბებს არჩევნებს და ვის უმალავენ. თავისუფალი ზონის დამკვირვებელი არის ერთადერთი ადამიანი, რომელმაც გამოავლინა გაყალბება, რატომღაც შსს ყველაზე გაწიწმატებული და გაბრაზებული ამ ადამიანზეა. ჩანაწერში ჩანს, როგორ ნერვიულობენ გამყალბებლები, რომ თავისუფალი ზონის წარმომადგენლებმა არ დაინახოს ის, რასაც სჩადიან. რომ კომისიის ყველა წევრის მდუმარე თანხმობით ქართული ოცნება ტოტალურად აყალბებს არჩევნებს" - თქვა გაბაშვილმა და აღნიშნა - "ველოდებით, რომ აღმოჩნდება, ვითომ ნარმანიას დედაც ნაცმოძრაობის სასარგებლოდ ახდენდა ზეწოლას ამომრჩეველზე".
მისივე თქმით, შსს ჩამოყალიბდა თავიდან ბოლომდე პოლიტიკურ ორგანოდ, რომელსაც ევალება ერთადერთი რამ - ბრძოლა ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მარნეულის N22 საოლქო კომისიის 57-ე და 25-ე საარჩევნო უბნებზე მომხდარი არჩევნების გაყალბების ფაქტები გახსნა. შსს-მ ბრალი 13 პირს წაუყენა. უწყების განცხადებით, N57 საარჩევნო უბანზე, საუბნო კომისიის წევრებთან და სხვა დამკვირვებლებთან ერთად, არჩევნებს აყალბებდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელი ტალეხ ბინატოვი და ენმ-ს აქტივისტი ვუგარ გოჯაევი.
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის 25-ე და 57-ე საარჩევნო უბნებზე გადაღებული ვიდეომასალა 16 ივნისს წარმოადგინა. კადრებში ჩანს, რომ ერთი და იგივე პირი - ნაზიმ ალიევი - საარჩევნო ყუთში გამზადებულ ბიულეტენებს ყრის.




