გიგი უგულავას საქმე

სასამართლო უგულავას უფლებამოსილების აღდგენის საკითხზე დღეს იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო გიგი უგულავას უფლებამოსილების აღდგენის საკითხის განხილვას დღეს გააგრძელებს. უგულავას ადვოკატის ბექა ბასილაიას თქმით, დღევანდელ სხდომაზე, დაცვის მხარის შუამდგომლობაზე პოზიციას პროკურატურა დააფიქსირებს.

დაცვის მხარის მოთხოვნაა, გაუქმდეს ის განჩინება, რომლის საფუძველზეც გიგი უგულავა თბილისის მერის თანამდებობიდან გადააყენეს.

აღნიშნული საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში ორჯერ გადაიდო. საქმის განხილვის გადადების მიზეზი სასამართლოში პროკურორების გამოუცხადებლობა გახდა.

დედაქალაქის უფლებამოსილებაშეჩერებული მერის გიგი უგულავას შეფასებით, "პროკურატურას პროცესებზე გამოცხადების ეშინია და უგზო-უკვლოდ არის გადაკარგული სემინარებზე". 

ცნობისთვის, 23 მაისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მერის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით, გიგი უგულავას სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს "ადგილობრივი თვითმმართველობის საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით არჩეული პირების თანამდებობიდან გადაყენებას". სასამართლომ ასევე არაკონსტიტუციურად ცნო ამავე კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადება, რომელიც უშვებს ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას ზეპირი მოსმენის გარეშე.

გიგი უგულავას მერის უფლებამოსილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დალი მეტრეველმა 2013 წლის 22 დეკემბერს, გვიან ღამით, ზეპირი მოსმენის გარეშე შეუჩერა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც.

აღკვეთის ღონისძიების სახით თბილისის მერისთვის უფლებამოსილების შეჩერება და პატიმრობა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოითხოვა, თუმცა, სასამართლომ უგულავას მხოლოდ უფლებამოსილება შეუჩერა და გირაო, 50 000 ლარი დააკისრა.

თბილისის მერს 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ "თბილისის განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე.

გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები