უკრაინის მიმართ რუსეთის პოლიტიკამ გერმანულ საინფორმაციო სივრცეში ახალი ცნება გააჩინა: "Putin Versteher" – გულისხმობს ადამიანს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით გაგებით ეკიდება და სხვადასხვა გამართლებას პოულობს. ადამიანთა ამ ჯგუფის გამოჩენამ, რომელიც, თავიდანვე უნდა ითქვას, არცთუ მრავალრიცხოვანი ან გავლენიანია, ცხარე კამათი წარმოშვა გერმანული იდენტობის, რუსეთისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების, უკრაინის კრიზისის მოგვარებაში გერმანიის როლისა და თავად ამ მოსაზრების გაჩენის მიზეზების შესახებ.

ასევე, ხშირია საუბარი დასავლეთის მიერ წლების განმავლობაში რუსეთისადმიუსამართლო მოპყრობაზე, მათი მხრიდან „სიტყვის გატეხვაზე", რაც NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებაში გამოიხატა. გერმანულ საზოგადოებაში რუსეთის პოზიციის დამცველები საუბრობენ დასავლეთის მიერ რიგ შემთხვევებში საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფაზეც, რაც რუსეთსაც ათავისუფლებდა მისი დაცვის ვალდებულებისგან და ა.შ.

საზოგადოების ნაწილის ასეთ განწყობას ანალიტიკოსები სხვადასხვაგვარად ხსნიან.
„გერმანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების" ექსპერტი ლიანა ფიქსი გერმანული საზოგადოების ნაწილში რუსეთისადმი სიმპათიის რამდენიმე მიზეზს ასახელებს:
– ფესვგადგმული პაციფიზმი და NATO-ს სკეპტიკური ხედვა;
– აშშ-ით და ევროკავშირით უკმაყოფილება;
– რუსეთთან თანამშრომლობის ეკონომიკური ინტერესი;
– იმ გზის მიუღებლობა, რომლითაც გერმანული მედია რუსეთის პრეზიდენტს წარმოაჩენს.

საზოგადოების ნაწილის სურვილს, მოხდეს გერმანიის დასავლეთისგან დისტანცირება, ხელი აშშ-მაც შეუწყო. ობამას ადმინისტრაციის რეპუტაცია გერმანიაში აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მოსმენების სკანდალმა ძალიან დააზიანა. მან ახალი ბიძგი მისცა ანტიამერიკულ სენტიმენტს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გერმანული ტრადიციული პაციფიზმისა და მსოფლიო წესრიგზე აშშ-ის გლობალური პასუხისმგებლობის შეუთავსებლობის გამო მუდმივად არსებობდა. ასეთი განწყობის შენარჩუნებას ხელს უწყობდა სამხედრო კამპანიები ერაყში და ლიბიაში, სადაც აშშ-ს წამყვანი როლის თამაში უწევდა, გერმანია კი მონაწილეობისგან თავს იკავებდა.

მსგავსი გრძნობების გაძლიერებას, გარკვეულწილად, ხელი ვლადიმირ პუტინის კონსერვატიულმა, ანტიდასავლურმა იდეოლოგიამაც შეუწყო. ის ქრისტიანული ფასეულობებისა და ფესვებისგან დასავლეთის დაშორებაზე მუდმივად საუბრობს, რითიც ევროპის რადიკალურად და ანტიდასავლურად განწყობილი ჯგუფების სიმპათიის მოპოვებას ცდილობს. მისი ხედვით, რუსეთის როლი მორალური პრინციპებისა და ტრადიციული იდენტობების დაცვაა.
რუსეთისადმი გერმანული საზოგადოების რბილი დამოკიდებულების კიდევ ერთი მიზეზი ის დანაშაულის გრძნობაა, რომელიც მათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსების მიმართ გაუჩნდათ. გერმანიის საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხთა ინსტიტუტის რუსეთის ექსპერტი ჰანს-ჰენინგ შრიოდერი რუსეთის მიმართ გერმანული საზოგადოების ასეთ განწყობას რუსოფილიას უწოდებს და ამბობს, რომ ეს გერმანიის ნაცისტური წარსულის კომპენსირების გზაა. ამ მიდგომით, გერმანელები ხშირ შემთხვევაში თვალს ხუჭავენ რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების თუ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევაზე. თუმცა ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება „მეგობრულმა დუმილმა" სასიკეთო შედეგი მოუტანოს მხარეს, რომლის მიმართაც გერმანია დანაშაულის გრძნობას განიცდის. მეტიც, მართალია, სსრკ რუსეთის მიერ დომინირებული ერთობა იყო, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შედეგად დაზარალებულად მხოლოდ მისი მიჩნევა უდიდესი შეცდომა იქნებოდა.
როგორც ერთ-ერთი უკრაინული გამოცემა აღნიშნავს, საბჭოთა შეფასებით, მეორე მსოფლიო ომში 7 მილიონზე მეტი უკრაინელი დაიღუპა, 2.4 მილიონი კი გერმანიაში შრომით ბანაკში დეპორტირებული იქნა. უკრაინამ მთლიანად საბჭოთა დანაკარგის 40-44% განიცადა. ამავე ვერსიით, ომს ყოველი მეხუთე უკრაინელი ემსხვერპლა. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მონაცემები არაზუსტია და რუსეთი გერმანიის მხრიდან მეორე მსოფლიო ომის შედეგების გამო მეტ თანაგრძნობას იმსახურებს, სამართლიანია ერთ-ერთი უკრაინელი ყოფილი მაღალჩინოსნის მიერ გერმანიის რბილი პოლიტიკის მიმართ გამოთქმული კრიტიკა – თუკი გერმანიას რუსეთისადმი დანაშაულის გრძნობა ამოძრავებს, მაშინ ის უნდა მოემზადოს, რომ მომავალში უკრაინის მიმართ ჰქონდეს იგივე განცდა.

ფოტო: AFP
სხვადასხვა მოსაზრებით, რუსეთთან ბიზნესურთიერთობის გაფუჭება გერმანიას შესაძლოა 300 000 სამუშაო ადგილად დაუჯდეს.
აღმოსავლეთ ევროპასთან ეკონომიკური ურთიერთობების კომიტეტის (ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს გერმანულ ბიზნესს აღმოსავლეთში) ხელმძღვანელი, ეკჰარდ კორდესი ერთ-ერთია, ვინც მოსალოდნელი სანქციების გამო შეშფოთებას გამოთქვამს, მის უკუშედეგებზე საუბრობს და რუსეთის პოზიციის მეტად გაგების მოწოდებით გამოდის.
„ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობაში და ეს შეცდომები მხოლოდ რუსეთის მხრიდან არ ყოფილა", – აღნიშნავს კორდესი Spiegel-თან ინტერვიუში.
უკრაინის კონფლიქტის, რუსეთისა და მისი პრეზიდენტის მიმართ გერმანული საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ საინტერესო ინფორმაციას იძლევა გერმანული ორგანიზაციის ARD-DeutschlandTREND მიერ მაისის დასაწყისში ჩატარებული კვლევა. მსგავსი შინაარსის გამოკითხვა ორგანიზაციამ მარტსა და აპრილშიც ჩაატარა, რაც მოვლენების განვითარების კვალდაკვალ საზოგადოებრივი აზრის ცვლილებაზე დასკვნის გაკეთების საშუალებასაც გვაძლევს.
მაისის მონაცემებით, მარტთან შედარებით, რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების მომხრეთა რიცხვი 12%-ით არის გაზრდილი და ამ გადაწყვეტილებას სწორად გამოკითხულთა 50% მიიჩნევს, 43%-ის შეფასებით კი, ასეთი ნაბიჯი მცდარი იქნებოდა. გასათვალისწინებელია, რომ გერმანულ საზოგადოებაში ეკონომიკური სანქციების მხარდაჭერის ზრდა მისი დაწესების ალბათობას ნამდვილად ზრდის. მოსახლეობის ასეთი განწყობა სიგნალია პოლიტიკური ელიტისთვის, რომელსაც ამ გადაწყვეტილების მიღება მხარდაჭერის არარსებობის პირობებში ბევრად გაუჭირდებოდა. ამავდროულად, რუსი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვებსა და საბანკო ანგარიშების გაყინვას 51% ემხრობა, 41% კი არც ამ გადაწყვეტილებას მიიჩნევს მართებულად.
საინტერესოა ისიც, რომ 3%-ითაა შემცირებული უკრაინისთვის ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერის გაწევის მომხრეთა რაოდენობა და ის 69%-ს შეადგენს. ასეთი კლება, შესაძლოა, უკრაინის ხელისუფლების მიერ სეპარატისტულ რეგიონებში წამოწყებული ანტიტერორისტული ოპერაციის ან მაიდანზე სნაიპერების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვებით აიხსნას.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ასევე ადასტურებს, რომ უკრაინის მოვლენებს გერმანიაში საკმაოდ სერიოზულად აღიქვამენ. გამოკითხულთა 72% მიიჩნევს, რომ ამ პროცესს შესაძლოა შედეგად ახალი „ცივი ომი" მოჰყვეს. შედარებისთვის, 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომისას „ცივი ომის" საფრთხეს რესპონდენტთა 50% ხედავდა.
უკრაინის მოვლენებმა გერმანული საზოგადოების მიერ მეზობლების და პარტნიორების აღქმაზეც მოახდინა გავლენა. რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა გერმანულ საზოგადოებაში რუსეთისადმი ნდობის მაჩვენებელი და მხოლოდ 14% შეადგინა. ამავდროულად, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ჯაშუშობის სკანდალის შემდეგ, გერმანულ საზოგადოებაში აშშ, როგორც ჩანს, ნდობას იბრუნებს, რასაც, სავარაუდოდ, ხელს უკრაინის საკითხზე ქვეყნების თანამშრომლობის აუცილებლობაც უწყობს. აშშ-ს სანდო პარტნიორად გამოკითხულთა 41% თვლის, პოლონეთს – 62%, ნდობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 79% – საფრანგეთს აქვს.
ამ ყველაფერს კვლავ გერმანიის იდენტობამდე მივყავართ. გერმანული საზოგადოების აღქმაზე, თუ სადაა მისი ადგილი, უკანასკნელ პერიოდში ყველაზე დიდი გავლენა სწორედ უკრაინასთან დაკავშირებით წარმოშობილმა აზრთა სხვადასხვაობამ მოახდინა. აპრილში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მოულოდნელი იყო ბევრი ანალიტიკოსისთვის. შეკითხვაზე, თუ სად
უნდა იყოს რუსეთთან კონფლიქტში გერმანიის ადგილი, მხოლოდ 45% პასუხობდა, რომ დასავლურ ალიანსში, 49% კი მიიჩნევდა, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის. დასავლეთსა და რუსეთს შორის ყოფნის მომხრეები აღმოსავლეთ გერმანიაში ორჯერ მეტი (60%) აღმოჩნდნენ, ვიდრე დასავლეთში (31%). ასეთმა სურათმა გაააქტიურა საუბარი გერმანული იდენტობის კრიზისზე, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან რუსეთის პოლიტიკის გამამართლებელი მოსაზრებებიც დაერთო.
თუმცა, მაისის მონაცემებით, გერმანიის ამერიკისა და დასავლელი პარტნიორების გვერდით დგომას გამოკითხულთა 60% ეთანხმება, 35% კი არ ეთანხმება. ეს ცვლილება, შესაძლოა, მიუთითებდეს გერმანული საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციაზე როგორც აშშ-ის, დასავლელი პარტნიორებისა და რუსეთის, ისე თავად გერმანული იდენტობის შესახებ.
გერმანელი ისტორიკოსის ჰაინრიხ აუგუსტ ვინკლერის თქმით, გერმანია მიუახლოვდა „დასავლეთისკენ ხანგრძლივი მოგზაურობის" დასასრულს. თუმცა უკრაინის კრიზისი და აღმოსავლეთ-დასავლეთის დაპირისპირების განახლების საფრთხე, ამ გზას, როგორც ჩანს, აგრძელებს. საზოგადოების ერთი მესამედის სურვილი, თავი შორს დაიჭიროს დასავლეთისგან, შესაძლოა ამყარებდეს არგუმენტს, რომ გერმანიის „უპირობო დასავლურობა" აქამდე მხოლოდ „ცივი ომის" მემკვიდრეობით და სხვა არჩევანის არარსებობით იყო განპირობებული. თუმცა მაისში ჩატარებული კვლევა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გერმანულ საზოგადოებაში დასავლეთისადმი მხარდაჭერის ზრდის ტენდენციას აჩვენებს.
უკრაინის მიმართ რუსეთის პოლიტიკამ შეცვალა არა მარტო გერმანული საზოგადოების აღქმა საკუთარი იდენტობის მიმართ, არამედ მინიმუმამდე დაიყვანა გერმანელთა რუსეთისადმი ნდობა, გაზარდა სანქციების მხარდაჭერა და დაეხმარა ნდობის და ურთიერთობის აღდგენაში აშშ-სა და გერმანიას.
როგორი უცნაურიც უნდა იყოს, გერმანიის სამომავლო როლისა და ადგილის შესახებ დებატის გაცოცხლებაში „პუტინის გამგებთა" დამსახურება ძალიან დიდია. ამ თემაზე საზოგადოებრივი დისკუსიის შედეგად, დროთა განმავლობაში, გერმანიამ შესაძლოა მართლაც ხელახლა განსაზღვროს საკუთარი იდენტობა, მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთის პოლიტიკის „დახმარებით", ის კვლავ დასავლური იქნება.




