ზუმბაძე: ვფიქრობ, 300%-იან პრემიაზე გადაწყვეტილებას არ გააუქმებენ

Frontnews

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრის გულიკო ზუმბაძის აზრით, საკრებულოს თანამდებობის პირები 300%-ანი პრემიის აღების შესახებ გადაწყვეტილებას არ გააუქმებენ. მისი თქმით, არსებული წესის თანახმად, პრემიები ერიცხებათ მხოლოდ იმ დეპუტატებს, რომლებიც იკავებენ გარკვეულ თანამდებობებს და არა ყველა დეპუტატს. თანამდებობის პირები კი არიან საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, ასევე, ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეები.

ზუმბაძის თქმით, ის არ არის თანამდებობის პირი და, შესაბამისად, პრემია არ ერიცხება. ამასთან, საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ 300 პროცენტიანი პრემიის აღების გადაწყვეტილებას გულიკო ზუმბაძე არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ეს ძალიან ბევრია.

"მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს ბევრი დეპუტატი შრომობს, ამ რაოდენობის პრემიის გაცემა, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. როგორც ჩემი კოლეგები აცხადებენ, გუშინ ჩატარდა ბიუროს სხდომა, რომელსაც მხოლოდ თანამდებობის პირები ესწრებოდნენ. მე არ ვესწრებოდი ამ სხდომას, რადგან არ ვარ თანამდებობის პირი და, როგორც ჩანს, იქ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილებას არ გააუქმებენ. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ისინი აპირებენ საქველმოქმედო მიმართულებით გაუშვან გარკვეული თანხა", - აღნიშნა გულიკო ზუმბაძემ.

კომენტარები