პრემიები

საკრებულოში ხელფასის 300%-ის ოდენობის შემაჯამებელ პრემიებს მიიღებენ

timer.ge

თბილისის საკრებულოს თანამდებობის პირები ხელფასის 300%-ის, ხოლო აპარატის თანამშრომლები 200%–ის ოდენობის შემაჯამებელ პრემიებს მიიღებენ. საკრებულოს განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მრავალპარტიულმა ბიურომ არანორმირებული სამუშაო რეჟიმის გამო მიიღო.

"თბილისის საკრებულოში არ არსებობს სახელფასო დანამატის პრაქტიკა. ამიტომ თანამშრომელთა წახალისება მხოლოდ პერიოდული პრემირებით ხდება. ამასთან, საკრებულო მთელი მისი ხელმძღვანელობით და აპარატით ბიუჯეტის მიღების დღიდან გადასულია არანორმირებულ სამუშაო რეჟიმზე, რათა ქალაქში განსახორციელებელი თითოეული პროექტი შეითანხმოს. ამის გამო, ხშირ შემთხვევაში საკრებულოს ბიუროს სხდომები 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. საკრებულოს ამჟამინდელი შემადგენლობა მისი უფლებამოსილების ამოწურვის ბოლო დღემდე სწორედ ასე აპირებს საქმიანობის გაგრძელებას. ამიტომ, სრულიად სამართლიანად მიგვაჩნია, რომ საკრებულოს დეპუტატებმა გაწეული შრომისთვის დამსახურებული პრემია მიიღონ. აქვე ცალსახად აღვნიშნავთ, რომ შემაჯამებელი პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება ვინმეს ერთპიროვნულად არ მიუღია. ეს არის საკრებულოს მრავალპარტიული ბიუროს გადაწყვეტილება, რამდენადაც ბიუროს შემადგენლობაში შედიან როგორც უმრავლესობის, ასევე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები" - აცხადებს თბილისის საკრებულო.

კომენტარები