ენმ: მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს მოკვლით ემუქრებიან

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე მარნეულის საოლქო კომისიის მიერ გუშინ ღამით გამოცემული განკარგულების ასლს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, კომისიამ მარნეულის საარჩევნო ოლქის N25 და N57 საარჩევნო უბნების პროპორციული, მაჟორიტარული და გამგებლობის კენჭისყრის შედეგები გააუქმა. ჯაფარიძის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების გამო, კომისიის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს ემუქრებიან. ასევე, საოლქო კომისიას ცესკო-სთვის აღნიშნული დოკუმენტი არ გადაუცია. 

"გადათვალეს ხმების პროპორცია ამ უბნების შედეგების გაუქმების გათვალისწინებით. ნახეს, რომ მეორე ტურია. კომისიის თავმჯდომარემ გზაში დაურეკა ჩვენს წარმომადგენელს და ეხვეწა, დაეხია ეს ასლი, რადგან მოკვლით ემუქრებოდნენ. საოლქო კომისიამ ეს დოკუმენტი არ გადაუგზავნა ცესკოს. ასლი გვაქვს მხოლოდ ჩვენ. ამ წუთებში, საოლქოს თავმჯდომარე და მოადგილე მიმალვაში არიან. ახლობლებს ეუბნებიან, რომ ოჯახის ამოწყვეტით ემუქრებიან" - აცხადებს ჯაფარიძე.

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის N11 განკარგულება 16 ივნისით არის დათარიღებული.

"გაუქმდეს მარნეულის საარჩევნო ოლქის N25 და N57 საარჩენო უბნების პროპორციული, მაჟორიტარული და გამგებლობის კენჭისყრის შედეგები" - ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც ენმ ავრცელებს და აღნიშნულია, რომ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება ბოლნისის რაიონულ სასამართლოში ორი დღის ვადაში. 

აღსანიშნავია, რომ მარნეულის საარჩევნო ოლქის N25 უბანი სწორედ ის უბანია, სადაც გავრცელებული ვიდეომასალის მიხედვით, 1965 წლის 2 ნოემბერს დაბადებული ნაზიევ ალიევი საარჩევნო ყუთში გამზადებულ ბიულეტენებს ყრის.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის 14:00-ის მონაცემებით, მარნეულში ქართული ოცნების გამგებლობის კანდიდატმა ხმათა 51.84% დააგროვა. ოლქში სულ 86 უბანია. აქედან, მონაცემები დათვლილია 85 უბნის მიხედვით.

კომენტარები