პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებით, "საქართველოს მოსახლეობა უპირობოდ ენდობა ქართულ ოცნებას, მაგრამ ამავდროულად მიანიშნებს მას, რომ საჭიროა მეტი და უკეთესი მუშაობა". ამის შესახებ უსუფაშვილმა ტელეიმედის ეთერში, არჩევნების შედეგების შეფასებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ "მოსახლეობა უკეთეს ალტერნატივას ვერ ხედავს, ვისაც გადააბარებდა ხელისუფლებას, მაგრამ მიანიშნებს იმაზე, რომ არავინ და არაფერი არ არის მუდმივი ამ ქვეყანაში და საჭიროა მეტი მუშაობა".
მისი თქმით, "ამ არჩევნებმა არავითარ შემთხვევაში არ მოგვცა რაიმე სახის ეიფორიის საშუალება. ყველგან რომ გაგვემარჯვა და მიგვეღო 70-80 პროცენტი, ეს უარყოფითად იმოქმედებდა ჩვენს საქმიანობაზე. დღეს ჩვენ დავინახეთ, რომ მოსახლეობა ფხიზლად გვადევნებს თვალს".
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მეტ აქტივობას ელოდა.
"მეტ აქტივობას ველოდი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მთელ მსოფლიოში, ყველა ეპოქაში გამოირჩევა იმით, რომ აქტივობა დაბალია. ასეთია საქართველოს საარჩევნო ისტორიაც, ამიტომ, ერთი მხრივ, შედარებით დაბალი აქტივობა ამით არის განპირობებული. ვთვლიდი, რომ აქტივობა იქნებოდა ბოლო საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს შორის. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლების 66% მოვიდა, გასულ საპრეზიდენტო არჩევნებზე 46%, ახლა კი, სადღაც 44%-მდეა. მე კი ველოდი 47-48% აქტივობას. ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა, ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს არჩევნებზე მოსვლის თავისუფალი ნება და მოსვლის შემთხვევაში თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება", - განაცხადა უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ მეორე ტურში სერიოზული აქტიურობა იქნება, რადგან უკვე კონკრეტული საკითხებია გადასაწყვეტი.
პარლამენტის თავმჯდომარე იმ განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, ქართული ოცნება ამომრჩეველს კარგავს.
"ხალხისგან, რომელიც ამომრჩეველს მართლაც კარგავს და დაკარგა, ამ თემაზე საუბარი საზოგადოებამ თავად განსაჯოს, როგორია", - თქვა უსუფაშვილმა და დაამატა, რომ საერთო ჯამში არჩევნებით და საარჩევნო პროცესით კმაყოფილია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თბილისსა და შვიდ თვითმმართველ ქალაქში მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა.





