ბაქრაძე: მოსახლეობამ უარი უთხრა შეუსრულებელ დაპირებებს და კონფრონტაციას

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის შეფასებით, GFK-ის ეგზიტპოლის შედეგმა დაადასტურა, "რომ საქართველოს მოსახლეობამ უარი უთხრა დაპირისპირებაზე, შეუსრულებელ დაპირებებსა და კონფრონტაციაზე აგებულ პოლიტიკას".

ბაქრაძის განცხადებით, ეს შედეგი ადასტურებს, რომ ადამიანებს სჭირდებათ გაკეთებული საქმე, მოგვარებული პრობლემები, სიმშვიდე და წესრიგი ამ ქვეყანაში.

"და ეს იქნება ყველაფერი ის, რასაც ჩვენ მათ შევთავაზებთ მეორე ტურებშიც. ნაციონალური მოძრაობა რჩება იმ პოლიტიკურ ძალად, რომელიც ამ ქვეყანაში მოდის საქმის გაკეთების, გამთლიანების და სიმშვიდის ლოზუნგით" - აღნიშნავს ბაქრაძე.

ორგანიზაცია GFK-ის ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, ზუგდიდის და ქუთაისის გარდა, ხუთი ქალაქის მერობის და გამგებლობის კანდიდატებს შორის, მეორე ტური გაიმართება. GFK-ს წინასწარი გამოკითხვის მიხედვით, რომელიც  ტელეკომპანია რუსთავი 2-მა დაუკვეთა, ქართული ოცნება სწორედ ამ ქალაქებში ლიდერობს. ეგზიტპოლის 18:00-ის მონაცემის მიხედვით, სხვა ქალაქებში 50%-იანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა.

ტელეკომპანია იმედის დაკვეთით Act-ის ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით კი, თბილისის მერის არჩევნებში კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატს დავით ნარმანიას ხმა ამომრჩეველთა 51,2%-მა მისცა.

კომენტარები