ენმ: მარნეულში ხელისუფლების ზონდერები ამომრჩეველზე ღია ტერორს ახორციელებენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, მარნეულში რამდენიმე საარჩევნო უბანზე დარღვევები ფიქსირდება. ენმ-ის ცნობით, #2-ე საარჩევნო უბანზე 41 ნომრიანი მაისურებით ახალგაზრდები აგიტაცია-პროპაგანდას ეწეოდნენ. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებითვე, "მარნეულში ხელისუფლების ზონდერები ამომრჩეველზე ღია ტერორს ახორციელებენ". ამის გარდა, საპარლამენტო ოპოზიციის ინფორმაციით, მარნეულის 39-ე საარჩევნო უბანზე მასობრივად ყრიან საარჩევნო ყუთში ბიულეტენებს.

"მარნეულის 57-ე საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად კაბინაში ორი ადამიანი შევიდა. გარდა ამისა, ადამიანებს პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გარეშე უშვებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, საჩივარი დაწერა თავისუფალი ზონის დამკვირვებელმა, მაგრამ კომისიის თავმჯდომარე უარს აცხადებს ოქმის ჩაბარებაზე. იყო შემთხვევა, როდესაც მოქალაქემ კომისიის წევრს, სანამ ურნაში ჩააგდებდა, თავისი ბიულეტენი აჩვენა. მარნეულის 42-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა საარჩევნო ბიულეტების ჩაყრა. გარდა ამისა, უბნის ტერიტორიაზე უცხო პიროვნება შევიდა, რომელიც კაბინაში სხვას შეყვა და მიუთითებდა კონკრეტული ნომრის შემოხაზვას. კომისიის წევრებს ამ ფაქტთან დაკავშირებით, პრეტენზია არ გამოუთქვამთ" - აცხადებს ენმ და აღნიშნავს, რომ მარნეულის #42-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები დამკვირვებელზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას შეეცადნენ.

“თავისუფალი ზონის დამკვირვებელმა ვანო მაღალაშვილმა, რომელიც მარნეულის 42-ე საარჩევნო უბანზე იმყოფება, სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ მასზე კომისიის წევრები ფიზიკურ ძალადობას შეეცადნენ. მაღალაშვილის თქმით, "უბანზე დამკვირვებლის სტატუსით ვარ და ჩემს მოვალეობას ვასრულებ. აქ საოლქო კომისიის წევრმა ბიულეტენები ჩაყარა საარჩევნო ყუთში, რაზეც, რა თქმა უნდა, მქონდა შესაბამისი რეაქცია, საჩივარი ამ ფაქტზე დავწერე და თავმჯდომარეს მივაწოდე. ისინი ყველანაირად ცდილობენ, რომ მეტი გაყალბება მოხდეს, ამიტომაც კომისიის 5 წევრი შეეცადა, ფიზიკურად გამსწორებოდა. ვითარება ძალიან დაიძაბა და მე ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, უბნიდან გამომიშვეს. როდესაც უბანზე შემიშვეს, ასე მითხრეს, - არ გაინძრე, ერთ ადგილას დაჯექი" - აცხადებს ჭიაბერაშვილი. 

მისივე ცნობით, მარნეულის 38-ე და მე-80 უბანში ჩაიკეტნენ კომისიის წევრები და არ იღებენ ნაციონალური მოძრაობის საჩივარს. ხოლო 35-ე უბანზე კომისიის წევრებს და თავისუფალი ზონის დამკვირვებლებს ემუქრებიან.

კომენტარები