საიას დამკვირვებელს ხულოს საარჩევნო უბანზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

ამ დროისთვის საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 71 საჩივარი და 77 შენიშვნა შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში.

არჩევნები უმეტესწილად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია - 18:00 საათისთვის დაკვირვების შედეგების შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებული იქნა შემდეგი დარღვევები: 

1. ზუგდიდის #42-ე უბანზე სოფლის რწმუნებულს საარჩევნო ბიულეტენები ჰქონდა. საიას დამკვირვებლის მიერ გადამოწმებულ იქნა ეს ინფორმაცია და გამოირკვა, რომ აღნიშნულ უბანზე კომისიის წევრმა ირაკლი კერზაიამ რამოდენიმე ასეული საარჩევნო კონვერტი იპოვა, რომელიც შავ პარკში გახვეული აღმოჩენილ იქნა იმ საჯარო სკოლის დარბაზის გვერდით, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული. არის ვარაუდი, რომ კონვერტები გასული პერიოდის არჩევნებისთვის შეიძლება იყოს განკუთვნილი. მიმდინარეობს ინფორმაციის შემდგომი გადამოწმება.

2. ადგილი ჰქონდა მარკირების გარეშე ხმის მიცემა და დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა ხულოს 27-ე საარჩევნო უბანზე. ამასთან დაკავშირებით საიას დამკვირვებლებმა საჩივარი წარუდგინეს საუბნო სარჩევნო კომისიას, რამაც წევრების მხრიდან აგრესია გამოიწვია. დამკვირვებელს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, არსებობდა ფიზიკური შეურაცხყოფის ალბათობა. აღნიშნულის გამო საიას დამკვირვებელი იძულებული გახდა საარჩევნო უბანი დაეტოვებინა.

3. კასპის #17 უბანზე საუბნო კომისიაში საიას დამკვირვებლის საჩივარი არ დაარეგისტრირეს.

4. ზოგიერთ ოლქში საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან პირები, რომლებიც აღრიცხავენ მოსულ ამომრჩეველს, რაც წარმოადგენს არაპირდაპირ გავლენის მოხდენას ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე.

5. დაფიქსირდა აგიტაცია მარნეულის საარჩევნო უბანზე.

6.  რუსთავის #27 უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ამომრჩეველს 2 საარჩევნო ბიულეტენი სახლში გაატანა მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ ამომრჩეველმა მხოლოდ 1 საარჩევნო ბიულეტენი ჩადო კონვერტში და ისე მოათავსა საარჩევნო ყუთში.

15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს საია თბილისისა და 10 რეგიონის 40 საარჩევნო ოლქში 500 - მდე დამკვირვებლით აკვირდება.

კომენტარები