პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, "არ მესმის, რატომ არის არჩევნების მეორე ტურის თემა აჟიოტაჟის საგანი". უსუფაშვილის თქმით, არჩევნებში მეორე ტურის გამართვას კანონმდებლობა ითვალისწინებს და გახდება თუ არა მისი ჩატარება საჭირო, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს.
"დიახ, კანონით განსაზღვრულია მეორე ტური, თუ არჩევნებში ვინმე ვერ გაიმარჯვებს. არ მესმის, ამხელა აჟიოტაჟი ამ თემაზე. დიახ, კანონი მეორე ტურს ითვალისწინებს. საერთოდ მარჩიელობა რა საჭიროა, არ ვიცი. არჩევნების დასრულებამდე დარჩა რამდენიმე საათი და პირველი ტური იქნება, თუ მეორე ტური, ეს ამომრჩევლის გადასაწყვეტია და არა ჩვენი სასპეკულაციო", - განუცხადა ჟურნალისტებს უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარი არჩევანი საბურთალოს საარჩევნო ოლქის #54 უბანზე დააფიქსირა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიგი უგულავას შეფასებით, "მთელ რიგ დიდ ქალაქებსა და რაიონებში, მათ შორის, დედაქალაქშიც, მეორე ტურის ალბათობა მაღალია". უგულავა აღნიშნავს, რომ საქართველოში არჩევნების მეორე ტური არ ყოფილა და ეს არის ოპოზიციის გამარჯვების რეალური შანსი.
"სწორედ იმიტომ არის ისტერიული პარანოია პრემიერის მხრიდან, რომ არ დაუშვებს მეორე ტურს. მე მინდა შევახსენო პრემიერს და უმრავლესობის წევრებს, რომ მეორე ტური არის დმოკრატიის ნაწილი და საზოგადოების არჩევანის გამოხატვის შესაძლებლობა" - აცხადებს უგულავა და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება პანიკაშია.
საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით კი, "მე ვფიქრობ, რომ ჩვენ, ჩვენი პოლიტიკური ძალა ყველა ქალაქში, ყველა რაიონსა და სოფელში ლიდერობს და მიმაჩნია, რომ არ უნდა გახდეს საჭირო მეორე ტური, თუმცა თუ მეორე ტური იქნება, არც ეს იქნება ტრაგედია". როგორც ღარიბაშვილმა ვაკის საარჩევნო ოლქის 11-ე უბანზე ხმის მიცემის შემდეგ აღნიშნა, მეორე ტური კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საქართველო არის მაქსიმალურად გამჭვირვალე, დემოკრატიული სახელმწიფო.





