უგულავა: მთელ რიგ ქალაქებსა და რაიონებში მეორე ტურის ალბათობა დიდია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიგი უგულავას შეფასებით, "მთელ რიგ დიდ ქალაქებსა და რაიონებში, მათ შორის, დედაქალაქშიც, მეორე ტურის ალბათობა მაღალია". უგულავა აღნიშნავს, რომ საქართველოში არჩევნების მეორე ტური არ ყოფილა და ეს არის ოპოზიციის გამარჯვების რეალური შანსი.

"სწორედ იმიტომ არის ისტერიული პარანოია პრემიერის მხრიდან, რომ არ დაუშვებს მეორე ტურს. მე მინდა შევახსენო პრემიერს და უმრავლესობის წევრებს, რომ მეორე ტური არის დმოკრატიის ნაწილი და საზოგადოების არჩევანის გამოხატვის შესაძლებლობა" - აცხადებს უგულავა და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება პანიკაშია.

"თუ გავითვალისწინებთ თუნდაც გუშინ ღამით განვითარებული მოვლენებს, როდესაც კრწანისში ჩვენს აქტივისტებს თავს დაესხნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები - ერთ გოგონას ფეხი აქვს მოტეხილი, მეორეს თავი გატეხილი, მესამე ნეკნი - ჩამტრეული, სამწუხარო რეალობაა ის, რომ ხელისუფლება როგორც ჩანს, პანიკაშია. ეს პანიკა გადაეცემა მათ აქტივისტებს და ჩვენ ვნახეთ, რომ ფონი წინასაარჩევნოდ დღითიდღე დამძიმდა, გუშინ კი, კულმინაციას მიაღწია. მე მაინც იმედს ვიტოვებ, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოების კეთილგონიერების" - განაცხადა თბილისის ყოფილმა მერმა.

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით კი, "მე ვფიქრობ, რომ ჩვენ, ჩვენი პოლიტიკური ძალა ყველა ქალაქში, ყველა რაიონსა და სოფელში ლიდერობს და მიმაჩნია, რომ არ უნდა გახდეს საჭირო მეორე ტური, თუმცა თუ მეორე ტური იქნება, არც ეს იქნება ტრაგედია". როგორც ღარიბაშვილმა ვაკის საარჩევნო ოლქის 11-ე უბანზე ხმის მიცემის შემდეგ აღნიშნა, მეორე ტური კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საქართველო არის მაქსიმალურად გამჭვირვალე, დემოკრატიული სახელმწიფო.

კომენტარები