გიგი უგულავას აზრით, კოალიცია ქართული ოცნების გადაწყვეტილება, მოხსნას კანდიდატი მარნეულში იმ არგუმენტით, რომ არ მოხდეს ეთნიკური დაპირისპირება, სამარცხვინოა. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, უმჯობესი იქნებოდა, მმართველი პარტიის კანდიდატი ღირსეულად დამარცხებულიყო და ამის შემდეგ ოპოზიციასთან ერთდ ნორმალური თანაარსებობა გაეგრძელებინა.
„ქართული ოცნება მოხსნის თუ არა მარნეულში კანდიდატურას, ეს არის ქართული ოცნების გადასაწყვეტი. რაც შეეხება არგუმენტაციას, თითქოს კანდიდატი იმიტომ მოხსნეს, რომ არ ყოფილიყო ეთნიკური დაპირისპირება - ყველა მარნეულელი არის ჩვენი თანამოქალაქე. ეთნიკურ წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს. სირცხვილია და უზნეობაა, როდესაც სახელისუფლებო პარტია ასეთ არგუმენტს მოიყვანს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ არგუმენტი არის ერთი - მათ შეეშინდათ წაგების. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორ სახიფათო და ნახევრად ფაშისტურ პარტიასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა გიგი უგულავამ.
გუშინ კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა და მარნეულში კოალიციის კანდიდატს მერაბ თოფჩიშვილს ურჩია, ორი აზერბაიჯანელი ოპოზიციური კანდიდატის სასარგებლოდ მოხსნას კანდიდატურა. პოლიტსაბჭოს განმარტებით, ეს გადაწყვეტილება კოალიციამ ეთნიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად მიიღო.
თუმცა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მერაბ თოფჩიშვილი კანდიდატად მაინც რჩება.საკუთარი კანდიდატურის მოხსნას არც თავად მერაბ თოფჩიშვილი აპირებს და წინასაარჩევნო კაპანიას აგრძელებს. ის თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია.
5 ივნისს, მარნეულის საოლქო კომისიამ რეგისტრაცია გაუუქმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატს აკმამედ იმამკულიევს. 7 ივნისს, საოლქო კომისიის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც. თუმცა, 10 ივნისს, საქალაქო სასამართლომ იმამკულიევი კანდიდატად აღადგინა.





