წულუკიანი: უყურადღებო მთავრობის დროს, პოლიტიკური ტემპერატურა უფრო აიწევდა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, "ჩვენ შევძელით, გაგვემიჯნა მმართველი პარტია სახელმწიფოსგან". როგორც წულუკიანმა უწყებათაშორისი კომისიის შემაჯამებელი სხდომის დაწყებამდე თქვა, "როგორც ჩანს, საჯარო მოხელეებმა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე მთლიანად გაიაზრეს, რომ სახელმწიფო და პარტია არის სხვადასხვა რამ. ამ კომისიის მიზანი სწორედ ის იყო, რომ საჯარო მოხელე იყოს ნეიტრალური, პოლიცია დეპოლიტიზებული".

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საჯარო მოხელეებმა გაითვალისწინეს, რომ ისინი ემსახურებიან ქვეყანას და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას.

"შეიძლება ჩავთვალოთ, რომ კომისიამ საკუთარი ძალისხმევით, მინისტრებმა იმ რეკომენდაციებით, რომელიც სამინისტროს თანამშრომლებისთვის გამოსცეს, ეს შესაძლებელი გახადეს", - აღნიშნა წულუკიანმა და დასძინა, რომ პოლიტიკური ტემპერატურა მომატებულია, რადგან არის 1 000-მდე მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატი, 13 000 კი პარტიული სიით.

"153 განცხადება შემოვიდა ჩვენს კომისიაში, თითოეული მათგანი სერიოზული განხილვის საგანი გახდება", - თქვა იუსტიციის მინისტრმა და დაამატა, რომ "უყურადღებო მთავრობის პირობებში, პოლიტიკურ ტემპერატურა შეიძლებოდა უფრო მაღალი ყოფილიყო, თუმცა დღეს შედარებით სტაბილური სიტუაციაა".

ცნობისთვის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, "არჩევნების მოახლოებასთან ერთად, წინასაარჩევნო გარემო უფრო დაძაბული გახდა". როგორც საია-ს შუალედურ ანგარიშში წერია, გახშირდა ისეთი საარჩევნო დარღვევები, როგორიცაა კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლა, პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ პირებზე თავდასხმა, წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლა და ფიზიკური დაპირისპირება. 

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის შუალედური ანგარიშის მიხედვით კი, გასული წლის არჩევნებთან შედარებით პოლიტიკური ძალადობა გამწვავდა. NDI-ის სადამკვირვებლო მისია მიიჩნევს, რომ მთავრობისა და საკანონმდებლო ლიდერებმა აღნიშნული ფაქტები მკაცრად უნდა დაგმონ. 

კომენტარები