ენმ: იუსტიციის მინისტრის განცხადება იმეორებს პრემიერის არაადეკვატურ რიტორიკას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, "დღევანდელი მთავრობა და პასუხისმგებლობას გაქცეული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მთელ სახელმწიფო რესურსებსა და პოლიტიკურ მანდატს ხარჯავს არა საკუთარი დაპირებების შესასრულებლად, არამედ პოლიტიკური ოპონენტის ჩამოსაცილებლად". საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, "იუსტიციის მინისტრის დღევანდელი უპასუხისმგებლო განცხადება ნათელს ხდის, რომ იგი ოლიგარქის ხელში უბრალო იარაღია". ენმ აღნიშნავს, რომ პოლიტიკური კონკურენციის თანაბარი პირობების უზრუნველყოფის ნაცვლად, უწყებათაშორის კომისიის თავმჯდომარის რანგში მინისტრ წულუკიანის საქმიანობის მთავარ მიზნად დემოკრატიული წეს-წყობილების მიზანმიმართული რღვევის გამართლება იქცა.

"მინისტრის დღევანდელი განცხადება - რომ, თითქოს, ოპოზიციის კანდიდატების არჩევნებიდან მოხსნა არა ხელისუფლების ზეწოლითა და შანტაჟით, არამედ რაღაც შეთქმულებითაა განპირობებული - სრულიად იმეორებს პრემიერ ღარიბაშვილის არაადეკვატურ, ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერთათვის ჩვეულ რიტორიკას. მინისტრმა წულუკიანმა არათუ ვერ შეძლო წინასაარჩევნო ძალადობის აღკვეთა, არამედ „წინა მთავრობის მმართველობის პერიოდზე“ დაუსაბუთებელი და უარგუმენტაციო საუბრით თვითონ იქცა ძალადობისა და პოლიტიკური ანგარისშწორების წამქეზებლად. ქართული ოცნება არ ენდობა მოქალაქეთა ნებას, ეშინია ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან თავისუფალ გარემოში ღია კონკურენცის და ცდილობს მის არათანაბარ ვითარებაში ჩაყენებას. დაგროვდა ჩვენს კანდიდატებზე პროკურატურისა და უშიშროების სამსახურის პირდაპირ ზეწოლის შედეგად კანდიდატების მოხსნის, აგრეთვე, საარჩევნო შეხვედრების ქართული ოცნების აქტივისტების მიერ ჩაშლის არაერთი ფაქტი. აბსურდული ბრალდებით უკანონო წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან ჩვენი პოლიტიკური ძალის ადგილობრივი ლიდერები და კანდიდატები - ჯიბუხაია, ოტიაშვილი, ნინუა. უკანასკნელი კვირის მოვლენები - განსაკუთრებით, მარნეულში გამგებლობის ჩვენი კანდიდატის, აკმამედ იმამკულიევის საარჩევნო მარათონს ჩამოშორების უკანონო და უსამართლო მცდელობა და ზუგდიდში რაიონის გამგებლობის ჩვენი კანდიდატის, თენგიზ გუნავას წინააღმდეგ საბჭთა „სუკ“-ის საუკეთესო „ტრადიციებით“ აგორებული კამპანია - ნათელი მაგალითია, რომ „ქართული ოცნება“, ირაკლი ღარიბაშვილი და ახლა უკვე ქალბატონი წულუკიანიც ყველა ხერხით ცდილობენ, არ დაუშვან ჩვენი გამარჯვება" - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

არჩევნებამდე სამი დღით ადრე გამართულ ბრიფინგზე, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოუწოდა მთავარ პროკურატურას, გაარკვიოს, "ხომ არ ჰქონდა ადგილი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან წინასწარ დაგეგმილ სცენარს კანდიდატების დაყენების, ხოლო შემდეგ მოხსნის შესახებ ვითომ ზეწოლის მოტივით". მისივე განცხადებით, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები პირველი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, რომელზეც მთავრობა და აღმასრულებელი ხელისუფლება არ ძალადობს ხალხზე, კანდიდატებსა და მედიაზე. ამასთან, წულუკიანმა დაგმო "ნაციონალური მოძრაობის მიერ, მთელი საარჩევნო კამპანიისას, გამოყენებულ მიუღებელ მეთოდს პოლიტიკური ბრძოლისა - მოქალაქეებისა და პოლიტიკური აქტივისტების დაყოფას ეთნიკური ნიშნით და ყოფითი კონფლიქტების წარმოჩენას ეთნიკურ-პოლიტიკური ნიშნით, როგორც ეს მოხდა გარდაბანში".

კომენტარები