წულუკიანი: არც ერთ კანდიდატს არ აპატიებს ჩვენი ქვეყანა უპასუხისმგებლობას

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, "ეს არჩევნები, რასაკვირველია, მშვიდობიან გარემოში ჩაივლის". ამასთან, როგორც არჩევნებამდე სამი დღით ადრე გამართულ ბრიფინგზე წულუკიანმა თქვა, ის გმობს "მარნეულში, ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მიერ განხორციელებულ აგრესიას საარჩევნო ადმინისტრაციაზე". მისი განცხადებით, "საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა მთავრობის პრიორიტეტია და ამას წარმატებით ვაღწევთ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან".

თეა წულუკიანი ასევე გმობს "ნაციონალური მოძრაობის მიერ, მთელი საარჩევნო კამპანიისას, გამოყენებულ მიუღებელ მეთოდს პოლიტიკური ბრძოლისა - მოქალაქეებისა და პოლიტიკური აქტივისტების დაყოფას ეთნიკური ნიშნით და ყოფითი კონფლიქტების წარმოჩენას ეთნიკურ-პოლიტიკური ნიშნით, როგორც ეს მოხდა გარდაბანში".

იუსტიციის მინისტრი მოუწოდებს ქართულ ოცნებას, ნაციონალურ მოძრაობასა და ყველა პოლიტიკურ პარტიას, უზრუნველყონ შიდა პარტიული დისციპლინა და მკაცრად გააკონტროლონ თავიანთი კანდიდატების, აქტივისტებისა და შტაბების წევრების ქცევა.

"არც ერთი პარტიის არც ერთ კანდიდატს, აქტივისტს, არ აპატიებს ჩვენი ქვეყანა უპასუხისმგებლო ქცევას, ხოლო მათი მხრიდან კანონდარღვევები იქნება მკაცრად სანქცირებული. ვგმობ ნებისმიერი კანდიდატის მხრიდან ყველა ტიპის მცდელობას ოპონენტს არა არგუმენტების ძალით, არამედ ვერბალური აგრესიით მიმართონ", - განაცხადა წულუკიანმა და მიმართა "იმ ოჯახებს, რომლებმაც სახელმწიფოს ხელით დაკარგეს შვილი, ძმა, წინა მთავრობის მმართველობის პერიოდში და თანაც ზოგმა ისე, რომ დღესაც ვერ ეღირსა ცხედრის პოვნას, დაელოდონ დაწყებული გამოძიების შედეგებს და ნუ განახორციელებენ თავად აგრესიას, რამაც უარესი შედეგი შეიძლება მოიტანოს მათთვის, როგორც ეს მოხდა თბილისში ერთ-ერთ კაფეში".

ამასთან, თეა წულუკიანი მიესალმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მარნეულში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატისთვის რეგისტრაციის აღდგენის შესახებ, რაც მისი თქმით, კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, "რომ წინა მთავრობისგან განსხვავებით, ჩვენი მთავრობა სასამართლო ხელისუფლებას გადაწყვეტილებებს არ უკვეთავს და რომ ჩვენ მიერ ნაბიჯ-ნაბიჯ წარმოებული სასამართლო საკანონმდებლო რეფორმა საბოლოო შედეგს მალე გამოიღებს".

უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ეს არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩაივლის, რის შემდეგაც აუცილებელი იქნება საარჩევნო კანონმდებლობისა და შესაბამისი პრაქტიკის შემდგომი მრავალმხრივი დახვეწა.

"ასევე მშვიდობიანი იქნება არჩევნების შემდგომი პერიოდიც, რადგან საქართველოს აქვს ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც არ დაუშვებენ იმას, რომ ვინმემ დაარღვიოს კანონი ან იმას, რომ რომელიმე კანდიდატმა და მისმა მხარდამჭერმა ზიანი მიაყენოს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ და ცივილიზებულ მომავალს", - თქვა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის შუალედური ანგარიშის მიხედვით, გასული წლის არჩევნებთან შედარებით პოლიტიკური ძალადობა გამწვავდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით კი, "არჩევნების მოახლოებასთან ერთად, წინასაარჩევნო გარემო უფრო დაძაბული გახდა". როგორც საიას შუალედურ ანგარიშში წერია, გახშირდა ისეთი საარჩევნო დარღვევები, როგორიცაა კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლა, პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ პირებზე თავდასხმა, წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლა და ფიზიკური დაპირისპირება. საიას შეფასებით, მსგავსი ფაქტები აზიანებდა წინასაარჩევნო გარემოს და საფრთხეს უქმნიდა თავისუფალ, კონკურენტულ პირობებში საარჩევნო კამპანიის წარმოებას.  საია აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ, ხელისუფლებამ ძალადობის პრევენცია ვერ შეძლო.

კომენტარები