ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

ომისა და ოკუპაციის დროს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფასი

2014 წლის 12 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ თურქეთს კვიპროსის სასარგებლოდ 90 მილიონი ევროს გადახდა დაავალა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოთაშორის დავებში კონვენციის დამრღვევ მხარეს კომპენსაცია დააკისრა. აქამდე ეს საკითხი ღიად რჩებოდა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2014 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი პრეცედენტია, რომელსაც აუცილებლად ექნება გავლენა სახელმწიფოთაშორის დავებზე, მათ შორის, საქართველოს მიერ ევროსასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ წარმოებულ ორ საქმეზე. მას ასევე გაითვალისწინებენ ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ღიად ან კულუარებში განიხილავენ სახელმწიფოთაშორისი დავის დაწყებას. ასეთია უკრაინა, რომელმაც უკვე ოფიციალურად აცნობა ევროსასამართლოს რუსეთის წინააღმდეგ განაცხადის შეტანის განზრახვის შესახებ და საქართველოს მეზობელი აზერბაიჯანი, რომელიც უკვე წლებია, ყურადღებით ადევნებს თვალს ევროსასამართლოში მიმდინარე პროცესებს და რომლის არაერთმა მოქალაქემ უკვე შეიტანა განაცხადი სომხეთის წინააღმდეგ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად კონვენციის დარღვევის გამო.

თავად საქმე – კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ – ეხება 1974 წელს თურქეთის სამხედრო ინტერვენციას კვიპროსის ტერიტორიაზე, რასაც ქვეყნის ორ ნაწილად გაყოფა და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის (ჩრდილოეთ კვიპროსი) ჩამოყალიბება მოჰყვა. ჩრდილოეთ კვიპროსის ტერიტორია იძულებით დატოვა კვიპროსელმა ბერძენმა მოსახლეობამ, რომელიც დღემდე ვერ ბრუნდება საკუთარ სახლში.

გამონაკლისია კაპრას ნახევარკუნძული, სადაც მცირერიცხოვანი ბერძნული მოსახლეობა დარჩა, თუმცა მძიმე პირობების გამო მათმა დიდმა ნაწილმა თანდათან დატოვა ეს ტერიტორია.

საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ევროსაბჭოს და მისი სასამართლო ორგანოს – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს – მიერ დადგენილია, რომ თურქეთის სამხედრო ოპერაციის დროს და მის შემდგომ, ადგილი ჰქონდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მასობრივ დარღვევებს და რომ ამ დარღვევათა ნაწილი, მათ შორის, საკუთრების უფლებისა და ოჯახისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფა, განგრძობითი ხასიათის არის.

კვიპროსი მრავალი წელია იბრძვის ევროსასამართლოში და ევროსაბჭოს სხვა ორგანოებში, რათა შეცვალოს 1974 წელს შექმნილი სტატუსკვო. ამ მიზნით, მან სახელმწიფოთაშორისი განაცხადით 1994 წელს მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინამორბედს – ადამიანის უფლებათა ევროპულ კომისიას. საქმე 1999 წელს განსახილველად გადაეცა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც ის არსებითად განიხილა და 2001 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით დაადგინა თურქეთის ექსტრატერიტორიული პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის – სიცოცხლის უფლების, წამების და არაჰუმანური მოპყრობის აკრძალვის უფლების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების, რელიგიის თავისუფლების, საკუთრების უფლების, განათლების უფლების დარღვევის გამო.

კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი საქმის პარალელურად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა და კვიპროსელი ბერძნების კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევისათვის თურქეთის პასუხისმგებლობა დაადგინა არაერთ ინდივიდუალურ საქმეში.

ინდივიდუალურ საქმეებში სასამართლომ კონვენციის 41-ე მუხლი გამოიყენა ზოგადი პრაქტიკის შესაბამისად და თურქეთს, დარღვევის აღმოფხვრასთან ერთად, დაზარალებული პირებისათვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ევროსასამართლო სხვაგვარად მოიქცა კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორის საქმეზე, სადაც ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონვენცის 41-ე მუხლის შესაძლო გამოყენების და, შესაბამისად, ფულადი კომპენსაციის საკითხზე მოგვიანებით იმსჯელებდა.

წლების განმავლობაში კვიპროსი, ფულადი კომპენსაციის მიზნებისთვის, უპირატესობას ანიჭებდა ინდივიდუალურ განაცხადებს, რომელიც მრავლად იქნა შეტანილი კვიპროსელი ბერძნების მიერ თურქეთის წინააღმდეგ. თუმცა საქმეზე ვარნავა და სხვები თურქეთის წინააღმდეგ, ნათელი გახდა, რომ პროცედურული მიზეზების გათვალისწინებით, ინდივიდუალურ საქმეებში სრულად ვერ მოხდებოდა მსხვერპლთათვის სათანადო კომპენსაციის მინიჭება. ამასთან, კვლავ პრობლემურად რჩება ინდივიდუალურ საქმეებზე მინისტრთა კომიტეტის მიერ თურქეთისთვის განსაზღვრული ზოგადი ხასიათის ზომების იმპლემენტაცია, რაც აფერხებს კონვენციის დარღვევის შედეგების აღმოფხვრას.

არც სახელმწიფოთაშორისი გადაწყვეტილების აღსრულება მიმდინარეობს სწრაფად და ეფექტურად. მიუხედავად იმისა, რომ ევროსასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების გამოტანიდან 13 წელი გავიდა, აღსრულების პროცედურა არ დასრულებულა და ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი, რომელიც ახორციელებს აღსრულების მონიტორინგს, კვლავ მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი კონვენციის დარღვევები და მისი შედეგები არ არის აღმოფხვრილი.

ამ ფონზე, 2007 წელს, კვიპროსის მთავრობამ აცნობა ევროსასამართლოს, რომ ის დაინტერესებული იყო კომპენსაციის საკითხის განხილვის განახლებით, რომელიც 2001 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით გაურკვეველი ვადით გადაიდო.

2010 წელს კვიპროსის მთავრობამ შეიტანა შესაბამისი განაცხადი ევროსასამართლოში და დააყენა ორი მოთხოვნა: პირველი, რომ თურქეთს გადაეხადა ადეკვატური ფულადი კომპენსაცია სამხედრო ოპერაციის დროს და მის შედეგად გაუჩინარებული 1456 პირის კანონიერი მემკვიდრეებისა და 1974-2001 წლებში კაპრას ნახევარკუნძულზე მცხოვრები კვიპროსელი ბერძნებისათვის, რომელთა კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევისათვის სასამართლომ უკვე დაადგინა თურქეთის პასუხისმგებლობა 2001 წლის გადაწყვეტილებაში. მეორე, კვიპროსმა მოსთხოვა სასამართლოს, კვლავ დაეფიქსირებინა, რომ კომპენსაციის საკითხის გადაწყვეტის მიუხედავად, თურქეთი ვალდებული იყო აღესრულებინა 2001 წლის გადაწყვეტილება და აღმოეფხვრა ამ გადაწყვეტილებაში დადგენილი კონვენციის დარღვევები და მათი შედეგები.

სასამართლომ დააკმაყოფილა კვიპროსის მოთხოვნა და თურქეთს დაავალა 90 მილიონი ევროს გადახდა გაუჩინარებული პირების კანონიერი მემკვიდრეებისა და კაპრას ნახევარკუნძულზე 1974-2001 წლებში მცხოვრები კვიპროსელი ბერძნების სასარგებლოდ. თანხას მიიღებს კვიპროსის მთავრობა, რომელიც ვალდებულია, იგი 18 თვეში გაანაწილოს სპეციალური მექანიზმის საშუალებით და ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობით. ევროსასამართლომ ასევე განაცხადა, რომ 2001 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების აღსრულება კვლავ მინისტრთა კომიტეტის კომპეტენციაში რჩება, რითაც ხაზი გაუსვა ამ უკანასკნელის თავსებადობას კომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილებასთან.

ამასთან, კვიპროსის მთავრობამ განაცხადა, რომ ის არ ითხოვდა კომპენსაციას საკუთრების უფლების, მათ შორის, საკუთრებაზე ხელმისაწვდომობის და საკუთრებით სარგებლობის უფლების დარღვევის გამო. აღნიშნული საკითხის გადაჭრა 2001 წლის გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის ნაწილია; თუმცა კვიპროსმა დაიტოვა უფლება, დაუბრუნდეს საკითხს საჭიროების შემთხვევაში.
სავარაუდოა, რომ კვიპროსის მთავრობას სურდა, ერთი მხრივ, უზრუნველეყო მსხვერპლთა სამართლიანი დაკმაყოფილება და, მეორე მხრივ, საფრთხე არ შექმნოდა 2001 წლის გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურებს. სწორედ ამიტომ, კვიპროსმა კომპენსაცია მოითხოვა მხოლოდ იმ დარღვევებისათვის, რომელთა შედეგების აღმოფხვრა სხვაგვარად შეუძლებელია და ამით უზრუნველყო 2001 წლის გადაწყვეტილების სიცოცხლისუნარიანობა.

2010 წელს კვიპროსის მიერ კომპენსაციის საკითხთან დაკავშირებული პროცედურების განახლებით ევროსასამართლო დადგა გარდაუვალი რეალობის წინაშე, რომ დაედგინა სტანდარტები, თუ რა შემთხვევაში ხდება სახელმწიფოთაშორის დავებში კონვენციის დამრღვევი სახელმწიფოსათვის 41-ე მუხლის შესაბამისად ფულადი კომპენსაციის დაკისრება. პოლიტიკური სენსიტიურობის გათვალისწინებით, წლების მანძილზე ევროსასამართლო ახერხებდა ამ საკითხისთვის თავის არიდებას.

2014 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ წერტილი დაუსვა გაუგებრობას და სახელმწიფოთაშორის დავებში კომპენსაციის მექანიზმის გამოყენების ნათელი სტანდარტები განსაზღვრა. გარდა დაკისრებული თანხის ოდენობისა, მნიშვნელოვანია, რომ ევროსასამართლოს დიდმა პალატამ 16 ხმით ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა სამართლიანი დაკმაყოფილების სახით კომპენსაციის გამოყენებას კონვენციით დადგენილი ზოგადი წესით.

დიდი პალატა მიიჩნევს, რომ კონვენციის დარღვევისათვის პასუხისმგებელ სახელმწიფოს შესაძლოა დაეკისროს ფულადი კომპენსაცია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ერთი სახელმწიფოს მოქალაქეების უფლებების დარღვევას მეორე სახელმწიფოს მიერ. ამასთან, ვინაიდან კონვენციის დარღვევის მთავარი მსხვერპლი ინდივიდია, კომპენსაციის სახით დაკისრებული თანხა სწორედ მას ეკუთვნის. შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფოთაშორის საქმეებზე სასამართლო მოპასუხე სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდას დააკისრებს, მოსარჩელე სახელმწიფო ვალდებულია თანხა დაზარალებულ პირებს გაუნაწილოს.

ეს მნიშვნელოვანი გზავნილია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის წევრი სახელმწიფოებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც სახელმწიფოთაშორისი დავების მხარეა.

ამ დროისათვის ევროსასამართლოში განიხილება საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი ორი სახელმწიფოთაშორისი საქმე. ახლახან სასამართლოს ასევე მიმართა უკრაინამ და აცნობა რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი განაცხადის შეტანის განზრახვის შესახებ.

საქართველოს მიერ შეტანილი პირველი სახელმწიფოთაშორისი განაცხადის განხილვა, რომელიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან ქართველების მასობრივ დეპორტაციას ეხება, დასრულებულია. უკვე ორი წელია ევროსასამართლოს დიდი პალატა საბოლოო გადაწყვეტილებაზე მუშაობს, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, უახლოეს თვეებში გახდება ცნობილი.

მეორე სახელმწიფოთაშორისი განაცხადი, რომელიც 2008 წლის აგრესიის დროს და შემდგომი ოკუპაციის პირობებში უშუალოდ რუსეთის ფედერაციისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი პირების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ ადამიანის უფლებათა მასობრივ დარღვევებს ეხება, ჯერ კიდევ განხილვის ადრეულ სტადიაზეა.

Greek Cypriots in a combat position. Nicosia, 1974.
ფოტო: AFP
საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ ორივე საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რუსეთის პასუხისმგებლობის დადგენა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევისთვის, არამედ ამ დარღვევის მსხვერპლთათვის სამართლიანი დაკმაყოფილების სახით ადეკვატური კომპენსაციის გადახდა.

კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2014 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, რომ შესაძლებელია რუსეთს დაეკისროს კონვენციის დარღვევის მსხვერპლთა სასარგებლოდ ფულადი კომპენსაციის გადახდა ისე, რომ ამით არ შესუსტდეს მისი ვალდებულება, აღმოფხვრას განგრძობადი დარღვევები და მათი შედეგები. ეს გულისხმობს, რომ ფულადი კომპენსაცია საფრთხეს ვერ შეუქმნის დევნილების უფლებას, დაბრუნდნენ სახლებში და ისარგებლონ საკუთრების უფლებით.

თუმცა მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ევროპული სასამართლოს საუკეთესო გადაწყვეტილებასაც კი მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როდესაც მას მხარეები პატივს სცემენ და აღასრულებენ. სამწუხაროდ, თურქეთის ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ ის არ აპირებს ევროსასამართლოს 2014 წლის 12 მაისის გადაწყვეტილების აღსრულებას. ნიშანდობლივია, რომ ასევე არ არის აღსრულებული კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორის საქმეზე 2001 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება.

ამ პრეცედენტების და ზოგადად ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების თვალსაზრისით რუსეთის არასახარბიელო მაჩვენებლის გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ საქართველოს მიერ საქმეების მოგების და კომპენსაციის მინიჭების შემთხვევაშიც კი, საერთაშორისო ძალისხმევის და ზეწოლის გარეშე ძნელი იქნება რუსეთის მხრიდან კონვენციის შესაბამისი ქცევის უზრუნველყოფა.

2014 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება სასარგებლო იარაღია, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაში მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოს შანსები, კონკრეტული შედეგები მიიღოს ევროსასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ წარმოებული საქმეებიდან.

კომენტარები