"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მარნეულში გამგებლობის კანდიდატის აკმამედ იმამყულიევის მოხსნის თაობაზე საუბრობს, და აცხადებს, რომ პარტია გამოიყენებს კანონით მინიჭებულ ყველა საშუალებას რათა მიღებული გადაწყვეტილება გაუქმებულ იქნას. პარტიის თქმით სამწუხაროა, რომ ცესკო "აღმოჩნდა ინსტრუმენტი ხელისუფლების ხელში".
"მიუხედავად საზოგადოებრივი აზრის ერთსულოვნებისა, ძალიან სამწუხაროა, რომ ცესკო და პირადად მისი თავმჯდომარე აღმოჩნდა ინსტრუმენტი ხელისუფლების ხელში, რომელმაც დაადასტურა სრულიად უკანონო სურვილი, ნებისმიერი ძალისხმევით ჩამოაცილონ ოპოზიციური კანდიდატები საარჩევნო კამპანიას იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც ხელისუფლება დამარცხების რეალურ საფრთხეს ხედავს.
ფაქტობრივად საარჩევნო ადმინისტრაცია აღმოჩნდა ბოლო რგოლი იმ ერთთვიანი უკანონო მოქმედებების ჯაჭვისა, რომელიც მარნეულის რაიონის გამგებლობის კანდიდატის აკმამედ იმამყულიევის წინააღმდეგ წარმოებდა. ამ კამპანიის უშუალო დამკვეთი არის საქართველოს მთავრობა და პირადად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. აქვე შევახსენებთ საზოგადოებას, რომ აკმამედ იმამყულიევის კანდიდატურის მოხსნის თაობაზე "ქართული ოცნების" მხრიდან განხორციელებულ ქმედებებში ჩართულნი იყვნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და პარლამენტის წევრი ალი მამედოვი", - აცხადებს პარტია.
პარტიის თქმით მოსყიდვის, მუქარის და შანტაჟის უშედეგო კამპანიის შემდეგ, ხელისუფლება ახალი ფორმის ზემოქმედებაზე გადავიდა.
"მას შემდეგ, რაც პოლიციის, პროკურატურისა და ადგილობრივი ხელისუფლების აღვირახსნილი ზეწოლებისა და შანტაჟის შედეგად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 20-ზე მეტმა კანდიდატმა ე.წ. "საკუთარი სურვილით" მოიხსნა კანდიდატურა, ხელისუფლება ახალი ფორმის ზემოქმედებაზე გადავიდა. საკითხი ეხება მარნეულში საარჩევნო ბლოკ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გამგებლობის კანდიდატს - აკმამედ იმამყულიევს. ერთთვიანი მოსყიდვის, მუქარისა და შანტაჟის უშედეგო კამპანიის შედეგად, კანონის მოთხოვნილი ვადების სრული დარღვევით, ხელისუფლების სატელიტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საჩივარი შეიტანა მარნეულის საოლქო კომისიაში და მოითხოვა დარეგისტრირებული კანდიდატის რეგისტრაციის გაუქმება. მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ სამართალდამცავების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ზეწოლის შედეგად მიიღო სრულიად კანონსაწინააღმდეგო განკარგულება და აკმამედ იმამყულიევს საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმა. აღნიშნული ზეწოლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 7 ივნისის სპეციალურ განცხადებაშიც", - ამბობენ პარტიაში.
"ნაციონალური მოძრაობა" აღნიშნავს, რომ "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" უკვე მიმართა ცესკოს სპეციალური განცხადებით, სადაც აღნიშნულია რომ საფუძველი რის გამოც აკმამედ იმამყულიევის კანდიდატურა მოხსნილ იქნა, არალეგიტიმურია.
"აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სწორედ ამ მოწოდებით მიმართეს ცესკო-ს "საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველომ" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" სპეციალური განცხადებებით 7 ივნისს, ასევე, მარნეულის საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში თომას ჰამერბერგმა, სადაც აღნიშნა, რომ კანდიდატს ეკრძალება მონაწილეობა არჩევნებში თუ ის საზღვარგარეთ ცხოვრობს მუდმივად, მაგრამ ხშირად მოგზაურობის გამო არჩევნებში მონაწილეობა არ უდნა აეკრძალოს", - აღნიშნავს პარტია.





