მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ შესაძლოა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატი რეგისტრაციიდან მოხსნას. კომისია აკმამედ იმამ ყულიევისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების მიზეზად საქართველოში ცხოვრების საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დაუკმაყოფილებლობას ასახელებს. საოლქო კომისიას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, იმამ ყულიევის არჩევნებიდან მოხსნას პოლიტიკური სარჩული აქვს და საარჩევნო კანონმდებლობის შერჩევითი ინტერპრეტაციაა. საარჩევნო ბლოკის ინფორმაციითვე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალი მამედოვი პირადად შეხვდა აკმამედ იმამ ყულიევს და მოსთხოვა კანდიდატურის მოხსნა.
"ფოთსა და რუსთავში კოალიცია ქართული ოცნების მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ არც კი განიხილა საჩივარი, რომელიც ამ ორი პიროვნების საქართველოში ცხოვრების საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების საკითხს ეხებოდა. აკმამედ იმამ ყულიევის მიმართ ანალოგიური საქმის წარმართვას აშკარად პოლიტიკური სარჩული აქვს" - აცხადებს ენმ.
აღსანიშნავია, რომ 30 მაისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა საარჩევნო კანდიდატებზე ზეწოლის შესახებ განცხადება გაავრცელეს. მათი ინფორმაციით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მარნეულის გამგებლობის კანდიდატი აკმამედ იმამ ყულიევი ადასტურებდა, რომ მას ახლობლის მეშვეობით შეუთვალეს მოეხსნა კანდიდატურა, თუმცა მაშინ იმამ ყულიევი არ ასახელებდა, ვისგან მისდიოდა აღნიშნული შეტყობინება.





