კრიზისი უკრაინაში

სლავიანსკში ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად 14 სამხედრო დაიღუპა

images.unian.net/

ქალაქ სლავიანსკთან პრორუსმა ტერორისტებმა უკრაინული სატრანსპორტო ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრ ტურჩინოვის განცხადებით, ამ ინციდენტის შედეგად 14 უკრაინელი სამხედრო დაღუპა. ვერტმფრენით სამხედროები ანტიტერორისტული ოპერაციის ზონას ტოვებდნენ. მის ბორტზე შინაგანი ჯარის გენერალიც იმყოფებოდა.

დღეს სლავიანსკის და კრამატორსკის რაიონში საბრძოლო მოქმედებები გააქტიურდა. სეპარატისტები საცხოვრებელი კვარტლებიდან ძალოვნებს ცეცხლს უხსნიან. თავდასხმა განხორციელდა ასევე სამხედრო ნაწილზე ქალაქ ლუგანსკში. ეროვნულ გვარდიის განცხადებით, თავდასხმა მოგერიებულია, სამხედროთაგან არავინ დაშავებულა. უკრაინელმა სამხედროებმა ასევე რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ტერორისტებისაგან გათავისუფლებულ დონეცკის აეროპორტში რუსეთიდან შეტანილი დიდი ოდენობით იარაღი იპოვეს. მისი თქმით, ამაზე იარაღის მოდელები და სერიული ნომრები მეტყველებს.

ამჟამად დონეცკში შეტაკებები აღარ მიმდინარეობს, აეროპორტს სამთავრობო ძალები აკონტროლებენ. სეპარატისტები თავდაცვისთვის ემზადებიან.

ტერორისტების ლიდერები აღიარებენ, რომ ბევრი მებრძოლი დაკარგეს და მათ მხარეს ჩეჩნები იბრძვიან. სლავიანსკის ე.წ. მერმა კი განაცხადა, რომ ეუთოს ოთხი დაკარგული დამკვირვებელი ნამდვილად სეპარატისტების ტყვეობაშია.

კომენტარები