კობახიძე: პრემიერისთვის უფლებამოსილების გადაცემა, ალბათ, უფრო ფორმალურია

primetimenews.ge

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი მანანა კობახიძე პრეზიდენტის მიერ პრემიერისთვის ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ერთჯერადად გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას, ფორმალურს უწოდებს, რადგან კონსტიტუციის თანახმად, მთავრობა უფლებამოსილია, საერთაშორისო ხელშეკრულებები გააფორმოს.

კობახიძის თქმით, ამით პრეზიდენტი ადასტურებს, რომ მას რაიმე პრობლემა არ აქვს და სრულად ეთახმება ასოცირების შეთანხმებაზე პრემიერმინისტრის ხელმოწერას.

"კონსტიტუციით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, დადოს საერთაშორისო შეთანხმებები. შესაბამისად, ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ ასოცირების შეთანხმებისთვის პრემიერმინისტრს მოეწერა ხელი. ალბათ იმისთვის, რომ რაიმე ზედმეტი კითხვის ნიშანი არ გაჩნდეს, როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა ასეთი უფლებამოსილების გადაცემა, რაც ალბათ უფრო ფორმალურია, რადგან კონსტიტუციური ნორმების თანახმად, მთავრობა უფლებამოსილია საერთაშორისო ხელშეკრულებები დადოს. თავად ევროკავშირი ამასთან დაკავშირებით არავით პრობლემას არ ქმნის და ეს დამატებითი აქტია, რომელიც ყოველგვარ კითხვის ნიშანს გამორიცხავს", - აღნიშნავს მანანა კობახიძე.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დავით პატარაიამ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება ერთჯერადად პრემიერმინისტრს გადასცა.

საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ბრიუსელში, 2014 წლის 27 ივნისს მოაწერს ხელს.

კომენტარები