საპრეზიდენტო სტიპენდია

პრეზიდენტის ინიციატივით, ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დაწესდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტს ხელი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და თსუ-ის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ერთობლივი ძალებით განახორციელებენ სასტიპენდიო პროგრამებს, მოკლევადიან საგანმანათლებლო პროექტებს და ა.შ.

ამავე დოკუმენტის თანახმად, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით წესდება საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო სტიპენდია, რომელიც მიმდინარე სასწავლო წელსვე თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საუკეთესო სტუდენტს გადაეცემა.

"ჩემთვის დიდი პატივია იმ სასწავლებელში დაბრუნება, რომელშიც აღმზარდეს. მინდა გესაუბროთ, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი და გითხრათ, რომ როდესაც ვიყურებით მომავლისკენ, იმ მიზნებისკენ, რომელიც გააჩნია ნებისმიერ ქვეყანას და, მათ შორის, საქართველოს, მთავარი ბურჯი, რაზეც ქვეყანა იგება, ესაა სწორედ უნივერსიტეტები და ინტელექტუალური პოტენციალი. ამ ინტელექტუალური პოტენციალის წინაშე დგას უაღრესად რთული ამოცანა - განავითაროს და წინ წასწიოს როგორც ქვეყნის ეკონომიკა, ასევე საზოგადოების განვითარება, მოახდინოს მისი ინტეგრაცია საერთაშორისო პროცესებში, ასევე, შეინარჩუნოს ის ინდივიდუალიზმი, უნიკალურობა, რომელიც გააჩნია თითოეულ ერს. აქ უნივერსიტეტში ხდება ამ ორი უმნიშვნელოვანესი მიმართულების სინთეზი - საკუთარი ინდივიდუალურობის, უნიკალურობის განსაზღვრის, მისი მოფრთხილების და მომავალი თაობისთვის გადაცემის და ამავე დროს, თანამედროვე სამყაროში ინტეგრაციის და ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ერთა ოჯახში ღირსეული წარმოდგენის. გამომდინარე აქედან, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ურთიერთობა მუდმივი თანამშრომლობის ფორმატში მოექცეს, სწორედ ამას ემსახურება ჩვენი მემორანდუმი და ამ მემორანდუმის პირველი ეტაპი - ესაა ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიის დაარსება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა თსუ-ში სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები