ასოცირების შეთანხმება

ბაროზო: ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირის წევრობას ვერ შევთავაზებთ

ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირის წევრობას ვერ შევთავაზებთ, მაგრამ მაქსიმალურ დაახლოებას ვთავაზობთ - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჯოზე მანუელ ბაროზომ ბრიუსელში, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბაროზოს თქმით ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული. იმ რეფორმებზე რომელსაც ქვეყანა გაატარებს და პროგრესზე რომელიც აუცილებელია. მან ასევე დასძინა, რომ ევროკავშირი საქართველოს მტკიცე პარტნიორია და მის სამომავლო გადაწყვეტილებაზე გარეშე ძალები ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებენ.

მისივე თქმით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება საერთაშორისო, მით უმეტეს ევროპელი ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. "ხოლო პოლიტიკური ასოცირება რას ნიშნავს, რომ ჩვენ ერთად ვართ, რომ ფაქტობრივად მხარდამხარ ვდგავართ. ჩვენ ახლა ვერ შევთავაზებთ ევროკავშირის წევრობას საქართველოს, ამ ეტაპზე, მაგრამ მაქსიმალურ დაახლოებას ვთავაზობთ და მომავალი გვანახებს. წინასწარ არ უნდა ვეცადოთ პროგნოზების გაკეთებას, უბრალოდ მოსახლეობამ უნდა იგრძნოს თავი ახლოს ევროპასთან. დემოკრატიის მნიშვნელობა კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს არამარტო ახალგაზრდობაში, არამედ სხვადასხვა ხელისუფლებაში, რომელიც საქართველოში სათავეში მოვა და პრემიერმინისტრმა ნათლად გაუსვა ამას ხაზი. ასე რომ, მოდი, ერთად ვიმუშაოთ ამისთვის და თარიღებს ნუ დავასახელებთ. ეს ხელშეკრულება ნამდვილად არ იქნება ბოლო ჩვენ ურთიერთობაში" - განაცხადა ბაროზომ.

ირაკლი ღარიბაშვილი ჟოზე მანუელ ბაროზოს ბრიუსელში დღეს შეხვდა. მათ ხელი მოაწერეს  ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო ევროკავშირისგან 19 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას მიიღებს. დოკუმენტი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერებას და ასოცირების შესახებ დაკავშირებული ღონისძიებების მხარდაჭერას გულისხმობს. შეხვედრისას გადაწყდა, რომ ჟოზე მანუელ ბაროზო საქართველოს 13 ივნისს ეწვევა. შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის და ჟოზე მანუელ ბაროზოს ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. მხარეებმა რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებზეც ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს რუსეთის მხარისგან პირობა აქვს მიღებული, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა გართულებების გარეშე ჩაივლის. 

კომენტარები