წინასაარჩევნო გარემო

არასაპარლამენტო ოპოზიცია: სატელევიზიო რეკლამა დისკრიმინაციულად ნაწილდება

არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილის აზრით, სატელევიზიო რეკლამა დისკრიმინაციულად ნაწილდება. რამდენიმე ოპოზიციური პარტიის განცხადებით, კონსტიტუციის მე-14 და 26-ე მუხლებით გამოცხადებულია ყველა მოქალაქისა და ყველა პოლიტიკური გაერთიანების თანასწორობა და იკრძალება რაიმე სახის დისკრიმინაციური მიდგომის გამოვლინება. არასაპარლამენტო ოპოზიცია აღნიშნავს, რომ "მიუხედავად ასეთი ფუძემდებლური იმპერატივისა, კონსტიტუციურ მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ კანონდება პოლიტიკურ პარტიათა შორის დისკრიმინაციული და არათანაბარი სამართლებრივი მდგომარეობა".

კერძოდ, არასაპარლამენტო ოპოზიციის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, 12-12 მლნ ლარის უფასო საარჩევნო რეკლამით მხოლოდ სამი სუბიექტი - ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა - სარგებლობს, რაც მათი აზრით, უკვე წარმოადგენს დისკრიმინაციას დანარჩენი პოლიტიკური სუბიექტების მიმართ.

"გარდა ამისა, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულია საარჩევნო რეკლამის ხარჯების დასაფარად დამატებითი ფინანსების გამოყოფა იმ პარტიებისთვის, რომლებსაც ბოლო საერთო არჩევნების შემდეგ წარმოეშვათ დაფინანსების უფლება. მიუხედავად იმისა, რომ, ამ პირობას აკმაყოფილებს შვიდი კვალიფიციური და ოთხი არაკვალიფიციური სუბიექტი, რომლებსაც უკანასკნელი არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით გამოეყოთ საბაზო დაფინანსების ნახევარი (ერთჯერადი დაფინანსების სახით), კანონის ამ ნორმის საფუძველზე ფინანსდება მხოლოდ ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა თითოეული - 600 000 ლარის ოდენობით", - აცხადებენ პარტიები და აღნიშნავენ, რომ უფასო რეკლამის გამოყოფის წესთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შევიდა საარჩევნო ბლოკის - არასაპარლამენტო ოპოზიცია საჩივარი.

"მაგრამ სასამართლო ხელოვნურად აჭიანურებს საჩივრის განხილვას. სამწუხაროა, რომ ახალ ხელისუფლებას აქვს მცდელობა, გააგრძელოს მისი წინამორბედის ტრადიცია, როცა არჩევნების შედეგები წინასწარ იწერებოდა. ამჟამადაც, ხელისუფლების სურვილია "კოაბიტირებულ" ძალებთან ერთად განახორციელოს წინასწარ დაწერილი სცენარი, რომლის მიხედვითაც არჩევნებში ხმების უმრავლესობა უნდა მიიღოს ქართულმა ოცნებამ, ხოლო დანარჩენი პროცენტები გადაინაწილონ ნაციონალურმა მოძრაობამ და ქრისიტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ. ამის შემდეგ "გამარჯვებულები" და "დამარცხებულები" ერთმანეთს მიულოცავენ მორიგი "დემოკრატიული" არჩევნების ჩატარებას. მივიჩნევთ, რომ სატელევიზიო რეკლამების განაწილების არსებული წესი წარმოადგენს პოლიტიკურ დისკრიმინაციას. შედეგად იქმნება არათანაბარი საარჩევნო გარემო, სადაც მთავარ როლს თამაშობს ფინანსები, რაც ეჭვქვეშ აყენებს არჩევნების ლეგიტიმურობას და ქმნის ოლიგარქიული წყობის მკაფიო კონტურებს", - აცხადებს არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი და აღნიშნავს, რომ სამართლიანი იქნება, თუ უფასო პოლიტიკური რეკლამისთვის დრო პარიტეტულად განაწილდება ყველა რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტს შორის.

"საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის საფუძველზე, უკანასკნელი კვლევების მიხედვით გამოვლენილ რეიტინგულ კანდიდატებს უნდა მიენიჭოთ უფასო სარეკლამო დროით სარგებლობის უფლება; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სარეკლამო ხარჯებისთვის დაფინანსება გამოეყოს ყველა კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ პარტიას, რომლებმაც უკანასკნელი არჩევნების შედეგების გათვალისწინებით მიიღეს (ერთჯერადი) დაფინანსება", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საარჩევნო ბლოკი არასაპარლამენტო ოპოზიცია, ერთიანობის დარბაზი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა, ლეიბორისტული პარტია, პატრიოტთა ალიანსი, რეფორმატორები, სახალხო პარტია, ქართული პარტია, ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, ჩვენი საქართველო და ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა.

კომენტარები