ფარული მოსმენები

ჯაფარიძე: მთავრობას არ ჰქონდა პოლიტიკური ნება, ფარულ მოსმენებზე კანონი მიეღო

ინტერპრესნიუსი

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ის, რომ პარლამენტმა ფარული მოსმენების შესახებ კანონი ვერ მიიღო, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. მისი თქმით, მთავრობა იგონებდა სხვადასხვა მიზეზს თუ რატომ არ უნდა მიეღოთ აღნიშნული კანონი.

"ის, რომ ამ კანონის განხილვას დასჭირდა ცხრა თვეზე მეტი, ცალსახად მიუთითებდა იმისკენ და ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, რომ მთავრობას არ ჰქონდა პოლიტიკური ნება - ეს კანონი მიეღო. ისინი იგონებდნენ სხვადასხვა ტიპის მიზეზებს, თუ რატომ არ უნდა მომხდარიყო ამ კანონის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ მათი არგუმენტი არის სავსებით ლეგიტიმური - სახელმწიფოს და ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს საშუალება, ახორციელოს ეროვნულ უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ქმედებები და მათ შორის ფარული მიყურადება-მოსმენა, ეს არ არის ისეთი ტიპის პრობლემა, რომლის დარეგულირებაც ვერ მოხდებოდა ცხრა თვის განმავლობაში. ეს იყო უბრალოდ ტექსტის მოფიქრების და შეჯერების საკითხი. მათ ეს არ გააკეთეს. ის, რომ ეს კანონი საბოლოო ჯამში ვერ გავიდა, მათი პასუხისმებლობაა" - თქვა ჯაფარიძემ.

16 მაისს, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტთა პაკეტს პარლამენტმა კვორუმის არ არსებობის გამო პირველი მოსმენით კენჭი ვერ უყარა. კენჭისყრაზე ვერც სხვა კანონპროექტები გაიტანეს. 

ამასთან, 16 მაისიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამო პარლამენტმა პლენარული სხდომები დროებით შეწყვიტა. არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში პლენარული სხდომები არ გაიმართება, თუმცა საჭიროებისამებრ, შესაძლოა, კომიტეტის სხდომები ჩატარდეს.

საკანონმდებლო ორგანო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში 16 ივნისიდან განაახლებს.

კომენტარები