კრიმინალი

მოზარდ ჰომოსექსუალს თანატოლები თავს დაესხნენ - პოლიცია არაეთიკურად მოიქცა

რუსთაველის გამზირზე, სუპერმარკეტ სმარტის შენობასთან არასრულწლოვან ჰომოსექსუალს თავს თანატოლი ბიჭები დაესხნენ, ის სმარტის შენობის დატოვებას ვერ ახერხებდა და დასახმარებლად პოლიცია გამოიძახა. ადგილზე მალევე მივიდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის წარმომადგენლები. როგორც ლიბერალს თამთა მიქელაძემ განუცხადა, პოლიციელები არასრულწლოვანს დამამცირებელი და დისკრიმინაციული ლექსიკით მიმართავდნენ.

"არასრულწლოვანს შეეკითხნენ ქალბატონოთი მოგმართოთ თუ ბატონოთიო, შემდეგ კი უთხრეს რომ პოლიცია მისი ტაქსი არ არის და როცა იცოდა დღეს ასეთი მდგომარეობა იქნებოდა, სახლიდან არ უნდა გამოსულიყო", - ციტირებს ლიბერალი მიქელაძეს.

შსს-ში აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურეს, მათი თქმით რუსთაველის გამზირზე ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას მოზარდებს შორის, რის შედეგადაც ერთი მათგანი დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, თუმცა შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთასორისო დღეა. შარშან, მრავალათასიანი კონტრაქციის მიერ ძალადობის წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტების დარბევის შემდეგაც ქალაქის ქუჩებში ჰომოსექსუალებზე ძალადობა გახშირდა.

კომენტარები