ფარული მოსმენები

პრეზიდენტი: უკანონო მოსმენა ამაზრზენი და მიუღებელია

facebook.com/Margvelashvili

უკანონო მოსმენა, სახელმწიფოს მხრიდან იქნება თუ კერძო პირის მიერ, ამაზრზენი და მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია იმედის გადაცემა პანორამას განუცხადა.

"მე არც ვიცი ბოლომდე, რამდენად კვალიფიციურად შეიძლება დასკვნის გაკეთება იმის თაობაზე, ვინც ამას უკანონოდ აკეთებს. ჩვენ ვიცით, რომ სახელმწიფოს გააჩნია კანონიერი მოსმენები და კანონიერი ინტერესი მართლწესრიგის დაცვისთვის. ჩვენ ვსაუბრობთ უკანონო მოსმენაზე, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან იქნება თუ რამე კერძო პირის მიერ, არის ამაზრზენიც და მიუღებელიც. მე ვერსიებში არ ჩავღრმავდები. ორ რამეს ველი ამ პროცესისგან. პირველი - საზოგადოების მიუღებლობის გაზრდას ასეთი ამაზრზენი და უკანონო საქციელების მიმართ. და მეორე - ამ მიმართულებით არსებული კანონმდებლობის ბოლომდე დახვეწას და საბოლოოდ მიღებას. და ეს კანონმდებლობა იხვეწება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, უკანონო ჩანაწერებთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულება თვისობრივად შეცვლილია. "სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება დიდი ხნის განმავლობაში ამას მიაჩვიეს. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ამჟამად, რეალურად, საზოგადოების დამოკიდებულება თვისობრივად შეცვლილია. თუ აქამდე ფარულ ჩანაწერს ისმენდნენ როგორც ჭეშმარიტებას, დღეს ასეთი ტიპის ინფორმაციის მიმართ არის მიუღებლობა და გარკვეული უარყოფა. ანალოგიური უნდა გადავიდეს მედიაში და ეს მედიის კულტურის ნაწილი უნდა გახდეს. თუ თვითონ მედიისთვისაც ამაზრზენი და მიუღებელი იქნება ასეთი ფორმით მუშაობა, ეს ძალიან პოზიტიურ შედეგს მოიტანს და ადეკვატური იქნება იმის, რასაც განიცდიან მოქალაქეები", - განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები