ეკლესიის ჩამონგრევა

მაშველებმა ახალსოფლის ეკლესიის ნანგრევებში მოყოლილი ორი ადამიანი ამოიყვანეს

სამაშველო სამსახურმა ახალსოფელში, ეკლესიის ნანგრევებში მოყოლილი ორი ადამიანი ამოიყვანა. ინფორმაციას სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმის იამზე ივანიაძის თქმით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მისივე განმარტებით, ერთ-ერთ დაშავებულს კიდურების ტრავმა აქვს, მეორეს კი, ბარძაყის ძვლის მოტეხილობა. ვარაუდობენ, რომ ნანგრევებში მოყოლილი კიდევ ორი ადამიანი ცოცხალია. 

სოფელ ახალსოფელში იმყოფებიან სასულიერო პირები და ბათუმის თვითმმართველობის წარმომადგენლები. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ბრიგადები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური. 

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დღეს ჩამოინგრა. ეკლესია მეოთხე წელია, შენდება. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, გუმბათი მას შემდეგ ჩამოინგრა, რაც მშენებლობაზე დასაქმებულმა პირებმა ნაგებობას საყრდენი ბოძები გამოაცალეს. ნანგრევებში ოთხი ადამიანი მოყვა. 

კომენტარები