ანტიდისკრიმინაციული კანონი

ანტიდისკრიმინაციულ კანონს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა. ხელმოწერილი დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.

ნორმატიული აქტების შესახებ კანონის თანახმად, ნორმატიული აქტი ძალაში გამოქვეყნების დღეს, 24:00 საათზე შედის.

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით 2 მაისს დაამტკიცა. ანტიდისკრიმინაციული კანონი 104 ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღეს.

სასულიერო პირებისა და მრევლის პროტესტის გამო, საპარლამენტო განხილვების პროცესში პროექტის რამდენიმე მუხლი ჩასწორდა. კერძოდ, კანონპროექტში "საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დაცვის" ცნება ჩაიდო და ამ მიზნებით განხორციელებული ქმედება პირის დისკრიმინაციად არ ჩაითვლება.

ასევე, კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას გადაწყდა, რომ კანონში არ იქნება ჩანაწერი, რომელიც კანონის მოქმედების სფეროს აკონკრეტებს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა კანონმდებლები უკანონობის დაკანონებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ანტიდისკრიმინაციულ კანონს არცერთი მორწმუნე არ მიიღებს. ილია მეორის აზრით, საქართველოში ყველა თავისუფლად გრძნობდა თავს და არავის ჩაგვრა არ ხდებოდა.

ანტიდისკრიმინაციული პაკეტის ავტორი და ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტში შესულ ვარიანტს არაეფექტიანს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ იმ პროექტიდან, რომელიც იუსტიციის სამინისტროსთან ერთად შეიმუშავეს, ბევრი მუხლია ამოღებული.

კომენტარები