ანტიდისკრიმინაციული კანონი

ღარიბაშვილი: არ მივიღებთ კანონს რომელიც ქვეყნის ინტერესებს საფრთხეს შეუქმნის

Reuters

არასოდეს მივიღებთ ისეთ კანონს, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ეროვნულ უსაფრთხოებას ან ტრადიციებს და ფასეულობებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. 

ღარიბაშვილი ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა. მისი თქმით, დარჩა შთაბეჭდილება, რომ ადამიანების გარკვეულ ჯგუფს არ აქვს ინფორმაცია აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, ან უბრალოდ შეიძლება არ ესმით, ან ზოგიერთი ადამიანი კარგად არ უხსნის თუ რას გულისხმობს აღნიშნული კანონპროექტი. პრემიერმინისტრის თქმით ეს კანონპროექტი არ გულისხმობს პროპაგანდას, რაღაც განსაკუთრებულ პრივილეგიებსა და უფლებების მინიჭებას განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებისთვის. 

" საუბარია იმ უფლებებზე, რაზეც საუბარია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში. შესაბამისად, ამდენი საუბარი და ამხელა აჟიოტაჟი ჩემთვის პირადად ამოუხსნელი და გაუგებარია. ეს არის ჩემი, როგორც მოქალაქის და ამავდროულად როგორც საქართველოს პრემიერმინისტრის პოზიცია და მოსაზრება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კანონს მივიღებთ და მინდა კიდევ ერთხელ მოსახლეობას განვუმარტო, რომ ჩვენი მთავრობა და პირადად მე ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ჩვენ არასოდეს მივიღებთ ისეთ კანონს, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ეროვნულ უსაფრთხოებას ან ტრადიციებს და ფასეულობებს" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრი საქართველოს პატრიარქის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ილია მეორე ბრძენი ადამიანია და მან კარგად იცის, რასაც აკეთებს, თუმცა აღნიშნა, რომ მთვარობას კარგად აქვს გაცნობიერებული რას აკეთებს.

 "ჩვენ ამავდროულად კარგად გვაქვს გაცნობიერებული, თუ საით მივდივართ, ჩვენ გვაქვს ამბიცია და მოტივაცია, რომ ჩვენი ქვეყანა გავხადოთ ერთხელ და სამუდამოდ თანამედროვე, ძლიერი, მოდერნისტული სახელმწიფო. კიდევ ერთი მონაპოვარი, რაც ჩვენ გვექნება უახლოესი 2 წლის განმავლობაში და რაც არის მთავარი მოთხოვნა, რომ მივიღოთ აღნიშნული კანონპროექტი, ეს არის უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან. მოლდოვამ მიაღწია უვიზო რეჟიმს ევროკავშირთან და ჩვენ შეგვიძლია იგივე მივიღოთ 2-3 წელიწადში" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ამ დღეებში, რასაც ის უყურებდა, მისთვის მიუღებელია. ამასთან, პრემიერმა მიმართა საკუთარი გუნდის წარმომადგენლებს, რომ მათ ჰქონდეთ მეტი კომუნიკაცია საზოგადოებასთან აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით და აუხსნან ამ ადამიანებს, რომ ეს კანონპროექტი არ უქმნის საფრთხეს ქვეყნის ტრადიციებსა და ფასეულობებს.

 

კომენტარები