დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონპროექტში კანონის მოქმედების სფერო დაკონკრეტებული აღარ იქნება. ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განმარტებით, "კანონპროექტის მესამე მუხლიდან ამოღებულია ჩამონათვალი, სადაც ჩაწერილი იყო სფეროები და მასში შედიოდა სასკოლო დაწესებულებები, განათლების სხვადასხვა ადგილები და საჯარო დაწესებულებები. ძალიან ბევრი უწყება, რომელიც ამ ჩამონათვალში იყო, სპეციალურ დათქმას გულისხმობდა ანტიდისკრიმინაციულ მოქმედებების უფლებამოსილებასთან დაკავშირებით. მსგავსი მოთხოვნა საპატრიარქოს წარმომადგენლებსაც ჰქონდათ. მათი მხრიდან იყო შიში გამოთქმული, რომ შესაძლებელია სასწავლო დაწესებულებები გამოყენებულ იყოს პროპაგანდის ადგილად, ამიტომ ეს ჩამონათვალი კანონპროექტიდან ამოვიღეთ".
ცნობისთვის, პროექტის მესამე მუხლის პირველ ნაწილში ეწერა, რომ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში, მათ შორის, როგორებიც არის - დასაქმებაზე ხელმისაწვდომობა და შრომითი ურთიერთობა; პროფესიული გადამზადება და ტრენინგი; სოციალური დაცვა და ჯანდაცვა; სკოლამდელი აღზრდა, განათლება, განათლებაზე ხელმისაწვდომობა და სწავლის პროცესი; მეცნიერება; კულტურული და შემოქმედებითი საქმიანობა; არჩევნები; საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა; საჯარო ინფორმაცია და მედია; მართლმსაჯულება; სამართალდაცვა და სასჯელაღსრულება; თავდაცვა; საქონლისა და მომსახურების, მათ შორის, სახელმწიფო სერვისების მიწოდება და მათით სარგებლობა; საზოგადებრივი ადგილებით სარგებლობა; საცხოვრისით სარგებლობა; მეწარმეობა და საბანკო საქმე; ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა; ტრასნპორტი და ინფრასტრუქტურა; ტურიზმი და სპორტი.
კანონში სწორედ აღნიშნული ჩამონათვალი აღარ იქნება.





